ვიდეო– თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თუ მოახერხებენ და საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეკრულია, ამით სერიოზულ ზიანს მიაყენებენ საკუთარ თავს და გააძლიერებენ “ნაციონალურ მოძრაობას”.

როგორც მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში”, მის მიმართ სახელისუფლებო გუნდის მიერ გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა, ის ვერ ხვდება, რატომ აკეთებენ ამას.

“ორი კვირაა ვისმენ საინტერესო ამბებს ჩემი თავის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალების წლად გამოვაცხადე ეს წელი, მოვისმინე, რომ ჩემი მიდრეკილება და შინაგანი სურვილია, რომ ქალები საპატიმროში დავტოვო რაც შეიძლება მეტად; ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი და პერსონალური წიაღსვლები მოვისმინე ჩემი პერსონის შესახებ, რომელიც დაგაფიქრებს ადამიანს; მოვისმინე, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვარ შეკრული. კამპანიას ვხედავ, მაგრამ, ყველაფერი ეს რაღაცნაირი სახალისოა. ნამდვილად არ არის გამაღიზიანებელი ჩემთვის, მაგრამ სულ ვფიქრობ, რა გავლენას ახდენს ასეთი კამპანიები საზოგადოებაზე. ჩემი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ რეალურად ძალიან ხშირად ისმოდა და არა მხოლოდ 2012 და 2013 წელს ისმოდა, არამედ 2008-ში, 2010-ში, 2003-ში და ა.შ. დავუშვათ, მოვახერხეთ და ეს ყველაფერი დავავიწყეთ საზოგადოებას და დავარწმუნეთ, რომ პრეზიდენტი მართლაც შეკრულია ოპოზიციურ ძალასთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის ეს მომგებიანი და საინტერესო?! როდესაც გრძელი სააგიტაციო კამპანიით მოახერხებ და პრეზიდენტს ოპოზიციურ ძალასთან გააიგივებ, არ იხეირებს აქედან “ნაციონალური მოძრაობა?!”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში ბევრი ემოციაა, მაგრამ როდესაც რაღაც კამპანია იგეგმება, ალბათ, საინტერესოა ვიფიქროთ, რა გავლენა ექნება ასეთ მესიჯს საზოგადოებაზე.

“თუ მოვახერხებთ და ყველაფერს გადავიტანთ ამ ჭრილში, ეს ხომ რეალურად გააძლიერებს იმ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც უპირისპირდება “ქართული ოცნება”? ხომ საჭიროა ასეთ რაღაცეებზე დაფიქრება? წესით საჭიროა. მაგრამ მოდით, იუმორიდან უფრო სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე გადავიდეთ – ჩემი დამოკიდებულება როგორიც იყო, ისეთი რჩება. მე არ შევდივარ ამ დიალოგში და არ ვიწყებ არანაირად საკუთარი პოზიციის ფიქსირებას, იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია ძალიან დიდი ხანია დაფიქსირებულია. ჩემი პოზიცია არის იქ, სადაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს, ის თანხვედრია იმ ემოციებთან და იმ მისწრაფებებთან, რაც ასახულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს “ქართული ოცნება” ძალიან ნათლად საუბრობდა მოსმენების დასრულებაზე და ამ ღირებულებით იყო გამოწვეული მისი ვეტო, რომელიც დაძლია პარლამენტმა. მარგველაშვილის თქმით, იგივე დამოკიდებულება აქვს პროკურატურის საკითხის მიმართ, რომ უფრო დეპოლიტიზებული პროკურატურა გვჭირდება; როდესაც საუბრობს ბიზნესის თავისუფლებაზე;

“მე, პოზიტიური თვალსაზრისით, დამძიმებული ვარ ჩემი პოლიტიკური წარსულით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდი. მე ხომ პოლიტიკა მართლაც 2011 წელს და 2012 წელს არ დამიწყია. მე ხომ ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს და ღიად ვსაუბრობდი, რომ ეს ღირებულებები არის მნიშვნელოვანი და არამარტო “ქართული ოცნების” დროს, არამედ კარგა ხნით ადრე, მაშინ, როდესაც ჩემი ბევრი გამქილიკებელი ძალიან ახლოს თანამშრომლობდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და მათ შორის, მაშინდელ ხელისუფლებასთან. დღეს ვერ გამოვალ და ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესში ხელისუფლების ჩარევა ახლა უკვე მისაღებია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://youtu.be/yfTjBdCPUDI

banner
წინა სტატიაშივიდეო–პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიკაილ კადიევის საქმეზე დაუშვებლად სცნო