ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატები” “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებენ

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, “თავისუფალი დემოკრატები” “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ნინო გოგუაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ამ კანონს ვეტო დაადო.
“ყველას კარგად გვახსოვს, რა აჟიოტაჟი მოჰყვა ამ კანონის მიღებას და რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენმა მეგობარმა საერთაშორისო სტრუქტურებმა გვირჩიეს, ეს კანონი არ მიგვეღო. მაგრამ მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს რჩევა არ გაითვალისწინა. პრეზიდენტი მოიქცა სწორედ, როცა კანონს ვეტო დაადო და უმრავლესობას საშუალება მისცა, კიდევ ერთხედ დაფიქრდეს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის უპასუხისმგებლობაზე, რადგან ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ და დასძინა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” გაიზიარებენ პრეზიდენტის ვეტოს და მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
უფრო მეტიც, პარტია დღეიდან იწყებს საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას და კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო, ისე საბანკო სექტორთან და კონსტიტუციონალისტებთან.
“იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობამ ვეტო დაძლია, შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – აღნიშნა გოგუაძემ. იგი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობამ დაივიწყა საკუთარი დაპირება ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით და დღეს ინსტიტუტები კი არ მართავენ ქვეყანას, არამედ მართავს ერთი ადამიანი, რომლის ნების მიხედვითაც უნდა იყოს მიღებული ყველა კანონი, ყველა რეფორმა და ყველა გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიანტონიო ბანდერასმა რომანი შვილისხელა გოგოსთან გააბა+ foto
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ