“ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია ვერ იგუა”

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს.

კახა კალაძის თქმით, ის აჟიოტაჟი, რაც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არის შექმნილი, რეალობისგან შორსაა, რადგან ხელისუფლება არ ცდილობს რომელიმე ტელევიზიას პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია “მაესტროს” “კონტაქტში” ჩართვისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

“ნამდვილად ვერ დავეთანმხები იმ აჟიოტაჟს, რომ ხელისუფლებამ, ან რომელიმე გარკვეულმა ჯგუფმა ვერ იგუა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია. ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. კონკრეტული შეფასებებისგან ამ საქმეზე თავს შევიკავებ, რადგან ეს ერთმა ან მეორე მხარემ შეიძლება აღიქვას ცუდად. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით სხვა ვითარებას, თუმცა, 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს რეალობა ყველამ ერთად შევცვალეთ”,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია “საქართველოს” წილების დაყადაღებას ეხება, “რუსთავი 2” დახურა. მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში”
შემდეგი სტატია“2014 წლიდან დღემდე 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით”