ვახტანგ ხმალაძე – სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები პროკურატურის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტაგ ხმალაძის შეფასებით, პროკურატურის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მიმართულებით , რომ პროკურატურა პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს.
როგორც ხმალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, პარლამენტში განსახილველად წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით ვერ იტყვის, რომ პროკურატურის რეფორმა შორს არის წასული, მაგრამ არსებული მდგომარეობა გაუჯობესდება.
“რასაკვირველია, შესაძლებელია კიდევ სხვა ვერსიების განხილვა, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად იქნას პროკურატურის დამოუკიდებლობა განმტკიცებული, მაგრამ დღეისთვის რაც არის წარმოდგენილი, ამის საკმარის შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, ის, რომ მთავარ პროკურორს პარლამენტის უმრავლესობა აირჩევს, არ შეიძლება იმდაგვარად იყოს განხილული, რომ ეს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და მთავარი პროკურორის დანიშვნა პოლიტიკური დანიშვნაა.
“ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ არა ერთ კანონს, არა ერთი პირის თანამდებობაზე გამწესების საკითხს – დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარით, გენერალური აუდიტორით და კიდევ სხვა მრავალი თანამდებობის პირებით, იქნება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წევრი, თუ სხვა. არის მოდელები, როცა გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმი მოითხოვება იმ მიზნით, რომ გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყოს, თუმცა ყოველთვის ამის გაკეთება გონივრული არ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუკი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა არ არის, შესაძლებელია მოხდეს ასეთი დანიშვნების თუ არჩევის ბლოკირება”, – აღნიშნა ხმალაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამის მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის არჩევის საკითხი დაასახელა, სადაც კანდიდატურა პარლამენტის მიერ 2/3-ის უმრავლესობით უნდა აირჩეს და ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტურია.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მომზადებული აქვს ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხს შეეხება. ძირითადი კანონპროექტის კენჭისყრამდე, კენჭი კომიტეტის ალტერნატიულ შეთავაზებას ეყრება.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის აღსრულების უზრუნველყოფაზე მუშაობს
შემდეგი სტატია,,შოტლანდიელი და ახალ ზელანდიელი ნატრულობენ ამგვარ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში”