ვახტანგ ხმალაძე: მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია.
შესაბამისი განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ოპოზიციის პასუხად გააკეთა, რადგან ოპოზიცია “პროკურატურის შესახებ” საკანონმდებლო პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდბელო პაკეტს კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს და პირველი მოსმენითვე მისი სესიაზე გატანა იგეგმება.
“ჩემთვის მოულოდნელად აღმოჩნდა ის, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესებისა და მისი გათავისუფლების საკითხი, ეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია. მაისის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მისივე განმარტებით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ახლა პირველი მოსმენით იმ პირობით მიიღებს, რომ სექტემბერში მასზე მუშაობა დასრულდება.
“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პროკურატურის სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად ახალი წესით მოხდება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართული იქნება ე.წ. საპროკურორო საბჭო, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ვენეციის კომისიისა და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის კორექტირება. კერძოდ, საპროკურორო საბჭო 9-ის ნაცვლად, 15-წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს. 8 წევრიდან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს, ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.
ასევე კორექტირებული ვარიანტით, საპროკურორო საბჭოს წინადადება – მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აღარ წარედგინება მთავრობას და პირდაპირ პარლამენტში გადაიგზავნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ელექტროენერგეტიკის სისტემის დღგ-სგან გათავისუფლებას და ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს