ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ე.წ. კორტების ოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.
როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ამ სპეცრაზმელებმა არასწორი ბრძანება მიიღეს და ეს შეასრულეს. მინისტრის თქმით, კანონით, ეს რა თქმა უნდა, ისჯება.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება”,- აღნიშნა გომელაურმა.
კითხვაზე, სპეცრაზმელს აქვს თუ არა უფლება, შეაფასოს, ბრძანება არის თუ არა უკანონო, გომელაურმა განმარტა, რომ კანონი ავალებს მათ, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ.
ამასთან, გომელაურმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში ის თავადაც სპეცრაზმელი იყო.
“თქენ შეიძლება არ იცით, მაგრამ მე 10 წელი ვიმსახურე მანდ. რა თქმა უნდა, რომ მიბრძანოს ხელმძღვანელობამ: მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე არ უნდა დამეცხრილა. ეს არ უნდა შეასრულო”, – განაცხადა გომელაურმა.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დააკავებული, მათ შორის- სპეცრაზმელებიც – იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: მოსმენები შსს-ს ეკუთვნის და თუ მას არ არ ექნება, მაშინ სად უნდა იყოს გასაღები?
შემდეგი სტატიაპოლიციელების სოციალური დაცვის პირობები სამხედროებისას გაუთანაბრდება