ვახტანგ გომელაური – ვეცდები, გავამართლო პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა მისი შს მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა, ეცდება, გაამართლოს პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი.
“ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო”, -განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.
შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიჩვენს ქვეყანას ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებენ 90-იან წლებში-გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური საკადრო ცვლილებებზე საუბარს თავს არიდებს