ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლებაში კვლავ ნაგავი დარჩება – აცხადებს კახა კუკავა

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც ბოლო დროს ნაკლებად ჩანს მედიაში, ,,თაიმერის,, შეკითხვებს გასცა პასუხი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. 10342462_670335623003164_8122153765427312102_n (1)
-ბატონო კახა! არ ჩანხართ კარგახანია… ხომ მშვიდობაა?
-მართალი გითხრათ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გარკვეული ტაიმაუტი ავიღეთ და პარტიის რეორგანიზაცია დავიწყეთ. გაზაფხულზე განვაახლებთ აქტიურ პარტიულ მუშაობას.
– იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, თქვენი კომენტარი არ მოგვისმენია… ბატონი იური გარდაცვალებამდე, თავის ინტერვიუებში ბევრ თანამებრძოლს საყვედურობდა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და დანაპირებს არ ასრულებდნენ. ამბობდა, რომ ზურგი აქციეს მის პრობლემას… თქვენ როგორ ფიქრობთ?
-ბატონი იური ვაზაგაშვილი მე ვნახე გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე… ის ძალიან იმედგაცრუებული იყო. იმედგაცრუებული არა გამოძიების შედეგების გამო, რადგან ის სააკაშვილის დროიდან შეჩვეული იყო იმას, რომ მისი შვილის მკვლელის დაკავება ვერ ხერხდებოდა, არამედ ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულების გამო. თუ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო გამოძიებისთვის ხელის შეშლა, ბატონ იური გაოგნებული და ძალიან იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ზუსტად ისევე უშლიდა ხელს მისი შვილის საქმის გამოძიებას, როგორც წინა.
ეს ყველაფერი მოხდა იმ შეცდომის გამო, რომელიც დაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს…. არც ბატონი იური იყო ამ მხრივ გამონაკლისი… თუმცა ეს არარის ტრაგედია თუ საქართველო მომავალშიც არ დაუშვებს მსგავს შეცდომას. საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება მხარი დაუჭირო ერთი რეჟიმის წინააღმდეგ მეორე რეჟიმს და ერთი ბოროტების წინააღმდეგ მეორე ბოროტებას. ხალხმა უნდა გააცნობიეროს არჩევნებში ვის უნდა მისცეს ხმა და ვის შეუძლია ქვეყნის ნორმალური მართვა. 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხალხმა მიშა რომ მოეცილებინა ამის გამო მისცა ხმა ,,ოცნებას,,. ასევე იყო 2003 წელს… შევარდნაძე, რომ მოგვეცილებინა ამიტომ ყველანი მიშას ვედექით მხარში და ისიც ასე მოვიდა ხელისუფლებაში. ეს დიდი შეცდომა იყო… მე ვაღიარებ, რომ მაშინ მეც დავუშვი ეს შეცდომა. მომავალში მაინც უნდა გავითვალისწინოთ ეს შეცდომები, რომ მომავალ არჩევნებზე ,,ქართული ოცნების,, წინააღმდეგ ვიღაც აფერისტებს და ბანდიტებს არ მივცეთ ხმა, არამედ ხალხმა ისეთი პოლიტიკური ძალები უნდა შეარჩიოს, რომლებიც პრინციპულები და თანმიმდევრულები არიან.
-გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უსმინეთ ალბათ… თქვენი აზრით, არსებული სიტუაციის რამდენად რეალური შეფასებები გაკეთდა მისი მხრიდან?
-ივანიშვილის მოსაზრებები იმდენად იყო აცდენილი რეალობას, რომ პრინციპში ამას ზედმეტი კომენტარებიც არ ჭირდება. იგივე ლართან მიმართებაში მისმა მოსაზრებამ კომიკური ფორმა მიიღო და ხალხში ფრთიან ფრაზად დადის. ხალხი იცინის და სერიოზულად არავინ მსჯელობს უკვე ამ თემაზე… იგივე ეხება მის გამონათქვამს, რომ ის არ ერევა მთავრობის მუშაობაში და რომ უბრალოდ რჩევებს აძლევს… თუმცა, რატომღაც ეს რჩევები მაშინვე უყოყმანოდ სრულდება. მე ვიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილი მთლიანად არის აცდენილი რეალობას და ეს ცუდია არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ქართული ეკონომიკის სავალალო მდგომარეობას, ეს გამოწვეულია მთავრობაში ივანიშვილის მოყვანილი უცოდინარი ადამიანების არასწორი ხედვებით. ზოგიერთები ლარის კურსის დაცემას ეროვნულ ბანკს უკავშირებენ, რაც არასწორია. ეროვნული ბანკი არაფერ შუაშია, მას მხოლოდ გარკვეულწილად შეუძლია რაღაც სტაბილიზაცია მოახდინოს, მაგრამ ფულის კურსის გამყარებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადში ექსპორტი და ინვესტიციები უზრუნველყოფენ. საქართველოში იმპორტი იზრდება და ექსპორტის მაჩვენებელი ქვევით იწევს, ხოლო ინვესტორი 2012 წლიდან საერთოდ არ ყოლია ქვეყანას, რადგან საინვესტიციო გარემო, რომელიც სააკაშვილის დროს ისედაც არ იყო სახარბიელო, ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააუარესა. საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, შეიძლება ლარის კურსი კიდევ უფრო გააუფასუროს.
-უკრაინის კრიზისზე და იქ მეომარ ქართველებზე, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა… თქვენი აზრით საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში?
-ეს არის ძალიან დელიკატური და რთული საკითხი. ერთის მხრივ ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინას ზურგი შევაქციოთ, რადგან ის არის საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე… ვიმეორებ ერთადერთი… რადგან საქართველოს მეტი სტრატეგიული მოკავშირე არ ყავს, რომელთანაც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარდა არანაირი დავა და გაუგებრობა არ აკავშირებს, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ხელი დავიბანოთ და ვთქვათ, რომ ამ კონფლიქტში ნეიტრალურები ვართ. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს წარსულის გამოცდილება, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა რათა რუსეთს დაუპირისპირდეს, მითუმეტეს სამხედრო გზით. ეს დამანგრეველი იქნება იმისთანა პატარ ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ხედავთ, რომ ამხელა უკრაინისთვისაც დამანგრევლად მოქმედებს ეს ომი, რაც უკრაინის პრეზიდენტმაც აღიარა და ფრონტიდან ბოლო ინფორმაციებიც მოწმობს, რომ უკრაინის არმია ბოლომდე ვერ უმკლავდება რუსეთთან ომს. ამიტომ მე ვიქრობ, რომ ის შუალედური გამოსავალი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ამ საკითხში, შეიძლება ახლოს იყოს გონივრულთან. ამ საკითხში მე ხელისუფლებას მაინცდამაინც არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ვხედავ რომ ამ ხელისუფლებას, იმის გამო, რომ ყავს გონებაჩლუნგი მინისტრები, არ შეუძლია თავის პოზიციის არტიკულირება. მე ვფიქრობ, რომ როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, მოწვეული უნდა იყოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ამ სხდომაზე ოპოზიციური პარტიებიც უნდა იყვნენ, რათა შევიმუშავოთ ერთობლივი ეროვნული პოზიცია ისე, რომ ამის შემდეგ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, სპეკულაციური განცახდება ვერ გააკეთოს ქვეყნის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. ეს არის მიღებული ფორმა… მსგავსი ფორმით აშშ-ში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა , ერაყის ომის დროს, შეიმუშავეს საერთო პოზიცია და შეთანხმდნენ არ ედებატათ ამ თემებზე. სხვა შემთხვევაში, პოზიციის დაფიქსირებისას ერთ პატარ ხარვეზსა თუ არასწორ გამონათქვამს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
-მედიაში მუსირებს აზრი, რომ შესაძლებელია დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ეს მართლა მოხდა… თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება ეს ამბავი?
-ვადამდელი არჩევნები, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის შემოგდებული თემა. მას ამ გზით სურს კიდევ 4 წლით გაახანგრძლივოს თავისი კორუმპირებული მმართველობის პერიოდი. იმ სიტუაციაში, როცა შეცვლილი არაა საარჩევნო გარემო, როცა ივანიშვილს ნაყიდი აქვს პოლიტიკური პარტიების, ტელევიზიების უმეტესობა, ყავს თავისი მთავრობა და პოლიცია, ვადამდელ არჩევნებით, ისევ ის ძალები მოვლენ, ვინც ბიძინას უნდა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ამიტომ მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვადამდელი არჩევნების. ჩვენ ჯერ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ფული და ოლიგარქია გავდევნოთ საარჩევნო სივრციდან. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ნებისმიერ არჩევნებს, თორემ ჩვენ ვხედავთ, რომ 1992 წლიდან, როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, მას შემდეგ რამდენი არჩევნები ჩატარდა მაგრამ სულ ის ხალხი მოდიოდა ხელისუფლებაში, ვისაც ფულის, პოლიციისა და უცხოური სპეცსამსახურების მხარდაჭერა ჰქონდა. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, ქვეყნის ხელისუფლებაში ან ისევ ის ნაგავი დარჩება რაც არის, ან ამ ნაგავს კიდევ უფრო დიდი ნაგავი შეცვლის.
ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიბუდაპეშტში პროევროპული აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიააფხაზეთში პასპორტიზაციის განახლებაზე მუშაობენ