ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყებას პასუხობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. ამის შესახებ ოსური სააგენტო “რესი” იტყობინება.
“18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღებისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება ცხინვალისთვის მოულოდნელი არ ყოფილა”, – წერია განცხადებაში.
ამას გარდა, ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ეწინააღმდეგება და ქართველი და დასავლელი პოლიტიკოსების ბრალდებები სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით აბსურდულია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მხარეებმა 18 თებერვალს, მოსკოვში მოაწერეს ხელი. შეთანხმების მთავარ მიზანს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვრისთვის საერთაშორისო იურიდიული სტატუსის მინიჭება წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. “შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ” ხელმოწერის ფაქტს გმობს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობას.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა რუსთაველზე – რატომ დაესხნენ თავს “რუსთავი2”-ის თანამშრომელს?
შემდეგი სტატიაოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა