ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ რიგითი სპეცრაზმელები დაკითხა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურამ ის რიგითი სპეცრაზმელები დაკითხა, რომლებსაც ასევე განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვთ წარდგენილი.
დაკითხულმა გიორგი გულბიანმა, იასონ მილაძემ და ალექსანდრე სანიკიძემ მიცემული ჩვენებისას განაცხადეს, რომ კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მიმართულებით გასროლა მოახდინეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის მეთაურმა კახა ნაკანმა გაისროლა. სპეცრაზმელების თქმით, ნაკანის მიერ გასროლის შემდეგ ჩათვალეს, რომ საფრთხე არსებობდა და სწორედ ამიტომ მოახდინეს გასროლა.
მოწმეებმა განაცხადეს, რომ კახა ნაკანი მათ ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა. მოწმეები დაკითხეს როგორც პროკურორებმა, ასევე ბრალდებულებმა. ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი ცააძე, რომელსაც საკონტროლო გასროლით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, დაინტერესდა, რიგითმა სპეცრაზმელებმა თუ დაინახეს, რომ საკონტროლო გასროლა მათ მოახდინეს. სპეცრაზმელებმა აღნიშნეს, რომ ეს ვერ დაინახეს, რადგან “ვერ დაინახავდნენ”. მოწმე სანიკიძის განცხადებით, ცააძე მას შემდეგ დაინახა ავტომანქანიდან გამოსული, რაც 2-3 გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა ეს გასროლები განახორციელა თუ არა ცააძემ, მოწმის თქმით, ეს ვერ დაინახა. ამასთან,
სამივე დაკითხულმა დღეს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნეს, რომ ვაზაგაშვილის ავტომობილში მყოფი ფუთურიძის მანქანიდან გადმოყვანის დროს შენიშნეს, რომ მას “მაკაროვის” სისტემის იარაღი გადმოუვარდა.
მოწმეების დაკითხვის შემდეგ მოსამართლემაც დაუსვა შეკითხვები პატიმრობაში მყოფ სამ მოწმეს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა იკითხა, 2006 წლის 1-ელ მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებს მოახსენეს, რომ მეორე დღეს ღონისძიება იგეგმებოდა, უთხრეს თუ არა მათ, რომ ამ სპეცოპერაციას ირაკლი ფირცხალავა უხელმძღვანელებდა. მოწმის თქმით, ამის შესახებ მხოლოდ სპეცოპერაციის დროს გაიგეს. ასევე მოსამართლემ სანიკიძეს დაუსვა შეკითხვა, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ღონისძიებას. მოწმის მხრიდან მან მიიღო პასუხი, რომ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა სპეცრაზმის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე მოსამართლემ იკითხა, მაშინ რატომ დაემორჩილნენ ისინი ფირცხალავას ბრძანებას ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ გასროლა მას შემდეგ მოახდინა, რაც კახა ნაკანმა გაისროლა და მან ჩათვალა, რომ საფრთხე არსებობდა.
ბადრი კოჭლამაზაშვილმა ასევე ალექსანდრე სანიკიძეს ჰკითხა – სპეცრაზმელებს ხომ დაკავება ევალებოდათ. ასევე მოსამართლემ იკითხა, ვაზაგაშვილის მანქანაში მყოფი ფუთურიძის გადმოყვანის შემდეგ, რა მოხდა. მოწმემ უპასუხა, რომ ფუთურიძე სპეცრაზმელებმა გადააბარეს პოლიციელებს და ჩათვალეს, რომ პოლიცია მიხედავდა მათ. მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ მოხდა სპეცრაზმის მხრიდან მისი დაკავება. მოწმემ იგივე უპასუხა და განაცხადა, რომ ჩათვალეს, ამას პოლიცია გააკეთებდა.
ასევე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა მოწმეს ჰკითხა, რატომ მოხდა ავტომობილიდან მხოლოდ ფუთურიძის გადმოყვანა და რატომ არ გადმოიყვანეს ხუბულოვი და ვაზაგაშვილი. ალექსანდრე სანიკიძემ მას უპასუხა, რომ სპეცრაზმელებმა როდესაც ავტომობილის კარი გააღეს, ნახეს, რომ წინ მსხდომი ვაზაგაშვილი და ხუბულოვი გარდაცვლილები იყვნენ და სწორედ ამიტომ მხოლოდ ბონდო ფუთურიძის გადმოყვანა მოახერხეს ავტომობილიდან.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვა 28 ივლისს 11:00 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვისწავლოთ ქართული” დასკვნითი ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის მშენებლობა კიევში