ექსკლუზივი–„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?

„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?

„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა? ინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ მოაწოდეს, რასაკვირველია, კულუარულია, მაგრამ ვინაიდან წყარო სანდოა, ჩვენ ამ ინფორმაციის გასაჯაროება გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, საკითხი ისეთ სენსიტიურ თემას ეხება, როგორიც მედიაა. ზოგადად, მედია, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყველა ხელისუფლება ცდილობდა, თავისი კონტროლირებადი მედიასაშუალებები ქონოდა ან, უკეთეს შემთხვევაში, იმდენი მოეხერხებინა, რომ ჟურნალისტებს მისი კრიტიკისთვის თავი დაენებებინათ. ამ მხრივ შედარებით ოაზისური სიტუაცია შევარდაძის დროს იყო. მაშინ ხუმრობდნენ კიდეც, წერე და იკითხე, მაინც არავინ არაფერს გისმენსო.
„ვარდების რევოლუცია“ მოხდა თუ არა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თავდაპირველად მედიაში ე.წ. თვითცენზურა გაჩნდა, ანუ მედიამფლობელები ერიდებოდნენ, რომ რევოლუციით მოსული ხელისუფლების შეცდომებზე ხმამაღლა არ ელაპარაკათ. კრიტიკის მოთხოვნა თავდაპირველად არც ჟურნალისტებს ქონდათ, მაგრამ „ნაციონალებმა“ ერთმანეთის მიყოლებით ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, საჩოთირო ნაბიჯი გადადგეს და „თვითცენზურაც“ წარსულს ჩაბარდა.
სხვათა შორის, როგორც მაშინ ითქვა, სწორედ ამ „თვითცენზურას“ შეეწირა მაშინდელი „მეცხრე არხი“, რომელიც არცთუ ურეიტინგო ტელევიზია იყო. იმდროინდელი ამბების მომსწრეებს ისიც ემახსოვრებათ, რომ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიაში გადანაწილდნენ, ზოგი „რუსთავი 2“-ში წავიდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.
მაშინ ისიც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ გარკვეული ქონება და, მათ შორის, არხიც „რუსთავის 2“-ს აჩუქა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „ნაციონალური“ ხელისუფლების კრიტკით არც ცხონებული ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია გამოირჩეოდა და ეს გასაგებიც იყო, რადგან პატარკაციშვილს „ნაციონალებთან“ კარგი ურთიერთობა ქონდა და, თურმე, მათ გარკვეულ ფინანსურ დონორობასაც უწევდა, მაგრამ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა:
ერთ მშვენიერ დღეს, პატარკაციშვილმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე რუსეთში არაერთ მედიასაშუალებას ფლობდა, ანუ ზუსტად იცოდა, თუ რა ძალა აქვს მედიას, ანტინაციონალური განცხადება გააკეთა და მაშინდელი „იმედიც“ ნელ-ნელა კრიტიკული გახდა.
რითი დამთავრდა „იმედის“ გაოპოზიციონერება, ყველასთვის ცნობილია და ამ საკითხზე ლაპარაკით თავს აღარ მოგაწყენთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში კოლაიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება გაცხადდა თუ არა, პირველი წართმეული ქონება, რომელიც მეპატრონეს დაუბრუნდა, სწორედ „იმედი“ იყო.
ამ დაბრუნებამ გონიერ ადამიანებში გარკვეული კითხვები გააჩინა, მით უმეტეს, რომ როგორც ითქვა, ტელევიზიის დაბრუნება გიორგი არველაძემ და მისმა გარემოცვამ საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, ესე იგი, „ნაციონალებმა“ არათუ არჩევნებში დამარცხება აღიარეს, არამედ, გამოიჩინეს კეთილი ნება და ბადრი პატარკაციშვილის ქრივს „იმედი“ დაუბრუნეს.
სად იყო აქ ლოგიკა?
ზოგადად, პოლიტიკაში ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც ლოგიკას არ ემორჩილება, მაგრამ პირველი ოქტომბრის ფონზე „იმედის“ დაბრუნება ფართო საზოგადოებამ იმ დაპირების შესრულებად აღიქვა, რასაც „ოცნება“ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან „სამართლიანობის აღდგენას“ ეძახის.
დაახლოებით, ერთი წლის წინ, კულუარებში ითქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მედიაზე, განსაკუთრებით, ტელევიზიებზე შეტევას მიიტანდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ეკრაიდან პოლიტიკური თოქ-შოუები ან საერთოდ გაქრებოდა, ან სიმწვავეს დაკარგავდა. მაშინ დასახელდა კონკრეტული გვარებიც, მაგალითად, ინგა გრიგოლია, რომელიც ეკრანს უნდა ჩამოცილებოდა. მართალია, კულუარული ინფორმაცია ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ დღეს უკვე აღიარებული ფაქტია: ინგა გრიგოლიასა და ეკა მიშველაძის პოლიტიკურ თოქ-შოუები დახურულია. უფრო ადრე კი, პრობლემები ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილს შეექმნათ.
ახლა, რაც შეეხება იმ კულუარულ ინფორმაციას, რომელიც „თაიმერის“ კულუარებიდან ექსკლუზიურად მოაწოდეს. ჩვენ, რასაკვირველია, თავს ვერ დავდბეთ, რომ ეს ხმა უტყუარია, მაგრამ ვიმეორებთ: ვინაიდან წყარო სანდოა, ამ ინფორმაციის გაჟღერება უპრიანია.
ჩვენი წყაროს ვერსიის მიხედვით, ტელეკომანია „იმედი“ – არც მეტი, არც ნაკლები – ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა („თაიმერს“ ამ ბანკის სახელიც უთხრეს, მაგრამ ვინაიდან ბრალი საქმიანი რეპუტაციის შელახვაში არ დაგვდონ, ამ ეტაპზე, ბანკის სახელოწოდების დასახელებისგან თავს ვიკავებთ), ანუ როგორც წყარო ვარაუდობს, ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს „იმედის“ სანაცვლოდ ბანკის აქციები შესთავზა.
წყარო ამბობს, რომ ეს შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ვინაიდან კულუარებში ასეთი აზრი გაჩნდა, საამისოდ, ალბათ, გარკვეული წინაპირობაც არსებობს და ამ ყველაფერს ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვაც კიდევ უფრო ბუნდოვანსა და დამაჯერებლს ხდის.
ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორაცია, რომ „იმედზე“ ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს შალვა რამიშვილი წაიყვანს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის დროს მისი პიარ-ხელმმძღვანელი იყო.
წყარო ამბობს, რომ მისი ვერსიით, „იმედის“ გაცვლაზე მოლაპარაკება პატარკაციშვილის დედასთან, ან დებთან კი არა, პირდაპირ მის ქვრივთან მიდიოდა. „თაიმერის“ კითხვაზე, რა არგუმენტი აქვს ამ ვერსიის დასამტკიცებლად, წყარო მიანიშნებს, რომ ფარული მოლაპარაკებები მტკიცებულებების გარეშე იმართება,თუმცა ადრე თუ გვიან, საზოგადოება ყველაფერს იგებს.

„თაიმერს“, რასკავირველია, შეეძლო, ეს კულუარული ინფორაცია, რომლის ნივთიერი მტკიცებულებაც არ არსებობს, არ გაესაჯაროებინა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ: ამ თემის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. გარდა ამისა, მედიის თავისუფლება სწორედ ის საკითხია, რომელიც მყარი დემოკრატიისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საწინდარია. ასე რომ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და თუ ამ თემაზე ვინმეს ღიად საუბრის სურვილი გაუჩნდება, რედაქცია სიამოვნებით მოუსმენს!

ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეკა ხოფერია: მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყო გარეული