„ეს უჩვეულო ფენომენია,” – იტალიელი გეოლოგის პირველი შეფასება

სტიქიის ზონაში იტალიელი გეოლოგი მუშაობს. ექსპერტი ადგილზე დღეს დილით მივიდა. კლაუდიო მარკოტინი მეწყერების საერთაშორიოს კონსორციუმის ვიცე პრეზიდენტია. 2014 წელს კი ის ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს ექსპერტის რანგში ხელმძღვანელობდა.

მასთან ერთად ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. როგორც მიხეილ გიორგაძე ამბობს,
ექსპერტი დაათვალიერებს ვერეს ხეობას, შემდეგ კი ბეთანიას ეწვევა, სადაც დამეწყრილ ადგილებს მოინახულებს.

„პირველ რიგში უნდა ჩატარდეს მეცნიერული გამოკვლევა, უნდა მოხდეს ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლა და საბოლოო დასკვნა დაიდოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა განვსაზღვროთ, იკვეთება ვინმეს ბრალეულობა თუ ეს არის წმინდად სტიქიური მოვლენის მიზეზი,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საინჟინრო-გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ძალიან უჩვეულო სიტუაციაა. მისი თქმით, ამ ტრაგიკულმა მოვლენამ გააერთიანა რამდენიმე ბუნებრივი კატაკლიზმა.

„ეს უჩვეულო ფენომენია, რადგან, ერთის მხრივ იყო წყლის დიდი ნაკადი, ხოლო მეორეს მხრივ ჩამოწვა მეწყერი, რამაც შემდგომში დიდი ტალღები გამოიწვია,“ – განმარტა კლაუდიო მარკოტინიმ.

გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი, რომელმაც ამ დროისთვის დედაქალაქში არსებული სიტუაცია განმარტა.

მისი თქმით, ყველა ფრონტი მაქსიმალურად გაშლილია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრმა უნივესრიტეტის დაზიანებული ლაბორატორია მოინახულა
შემდეგი სტატია“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ლომმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა