“ეს ბრალდება საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია,” – გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებაზე

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ასწია. ეს კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს. სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება. კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.

“უარყოფითი ეკონომიკური მონაცემების პირობებში, როდესაც ადგილი აქვს გაუფასურებას, აჟიოტაჟური ქცევა ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის სრულიად ნორმალური მოვლენა. ეს არის ეკონომიკის ანბანი,“ – ასე შეაფასა “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ეკონომიკის მინისტრის გუშინდელი განცხადება, სადაც ის “ეროვნულ ბანკს” ადანაშაულებდა იმაში, რომ, თითქოს, ხელი შეუწყო პანიკის შექმნას.

როგორც “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის ბრალდება საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია.

“აჟიოტაჟურ ქცევას შველის სწორი კომუნიკაცია, სწორი გზავნილები და არა გაზრდილი ინტერვენციები. ამასთან ერთად, კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თებერვალში ჩვენი რეზერვებიდან დავხარჯეთ 120 მილიონი დოლარი. მაგრამ ამ რეზერვის ხარჯვის და ინტერვენციის დანიშნულება არის იმ მერყეობის აცილება, რომელიც გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ,” – განაცხადა „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა.

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც სწრაფი დევალვაცია მოხდა, “ეროვნულ ბანკს” ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: კურსის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არ ველოდებით, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ წავა
შემდეგი სტატიასაქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები