ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: კურსის პროგნოზირება შეუძლებელია

მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2016 წელს ლარის კურსის მოსალოდნელ საშუალო ნიშნულთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის წინასწარ პროგნოზირება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს.
“საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კი კურსის პროგნოზირება არის შეუძლებელი როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება”, – განაცხადა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტის დეფიციტის 3 %-ის ოდენობით ზრდა ინფლაციურ რისკებს არ წარმოშობს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ის 3 %-ზე მეტად არ გაიზარდოს.
“წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის შემოსავლები არის 8,4 მილიარდი ლარი, აქედან 7,8 მილიარდი ლარი საგადასახადო, ხოლო 575 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებია. სულ საგადასახადო შემოსავლები, 2015 წლის გეგმასთან შედარებით, 5 %-ით იზრდება და 2016 წლის საპროგნოზო მთლიან შიდა პროდუქტთან 22,9 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯებს, ის 9,4 მილიარდი ლარია, აქედან კი მიმდინარე ხარჯებია 8,4 მილიარდი ლარი, ხოლო კაპიტალური და წმინდა დაკრედიტება დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. სულ წინა წელთან შედარებით 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯები იზრდება 380 მილიონი ლარით, თუმცა ძირითადი ნაწილი მოდის მიმდინარე ხარჯებზე, კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება კი იზრდება მხოლოდ 23 მილიონი ლარით. 2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2015 წლის გეგმასთან შედარებით 24 მილიონი ლარით მცირდება და მილიარდ 51 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2016 წელს საპროგნოზო მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობის 3 %-ია დაგეგმილი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტის დეფიციტის 3 %-ის ოდენობით ზრდა ინფლაციურ რისკებს არ წარმოშობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თუ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევა, ბიუჯეტის დეფიციტი არ გაიზარდოს 3 %-ზე მეტად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება გაგრძელდეს როგორც არის გეგმით წარმოდგენილი და 2018 წელს მიაღწიოს 2 %-ს.
ჩვენ სხვა შენიშვნები დოკუმენტის მიმართ არ გვაქვს”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივინ უმასპინძლა ბერეზოვსკის შვილს თბილისში?
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილის თქმით ფეხბურთის ფედერაციაში მძიმე მდგომარეობაა