“ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”

ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მჭიდრო და ღრსეული თანამშრომლობა განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ განხორციელებული რეფორმები და საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი კონტრიბუცია ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს და საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკურ საფეხურს მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, “ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

“ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს წვრთნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი. სწავლების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა, საჭიროების შემთხვევაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მისაღებად. იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის, ისევე, როგორც რეგიონის წინაშე დგას, საქართველოს დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა, რათა თავდაცვისუნარიანობა აიმაღლოს და საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია და ამის მაგალითს წარმოადგენს ის, რომ 12 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა ინტენსიური მომზადება გაიარა ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, ხიდაშელის თქმით, საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის საუკეთესო გამოვლინება იქნება 26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყნის მთავარ მოედანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგებიან.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: რას არ მივცემდი, რომ ვიყო ნაკლები წოდების, ცოტა ახალგაზრდა და ვიდგე თქვენს გვერდით
შემდეგი სტატიასარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს მერია პასუხობს