ერთიანი ეროვნული გამოცდები სავარაუდოდ 2 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს სავარაუდოდ, 2 ივლისს დაიწყება.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წესი, ხუთშაბათს, ივნისის ბოლო დღეებში ან ივლისის დასაწყისში იწყება.

მისივე ინფორმაციით, გამოცდების 2 ივლისს დაწყების შემთხვევაში, 2 და 3 ივლისი საგამოცდო დღეები იქნება. 4-5 ივლისს, შაბათ-კვირას აპლიკანტები დაისვენებენ. 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის ინფორმაციით, გამოცდების გრაფიკი პედაგოგების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ ზოგადი უნარების გამოცდით დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდა. რეგისტრირებულია 40 000 – ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, 4 000 – ზე მეტი აპლიკანტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და 12 500 – ზე მეტი კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.
2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა.

სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი კი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა გალის რაიონში
შემდეგი სტატია,,ამაოდ უხარია იმას ვინც თვლის რომ ქვეყანაში ცოტაა უკმაყოფილო,, აცხადებს პეტრე კოლხი