ეკონომიკის მინისტრმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც უჩა მამაცაშვილის კომპანიას ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უჩა მამაცაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად მოხდა.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს “ნაცონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულმა კომპანიამ 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ” ძალიან მაკვირვებს ის ორმაგი სტანდარტი, რომლის მომსწრეც ყველანი გავხდით. ჯერ ერთი, პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. შემიძლია, წარმოგიდგინოთ კომპანიების დიდი სია, რომლებსაც ქონება პირდაპირი შესყიდვით გადაეცათ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ მომსწრე ვართ კამპანიისა და სპეკულაციებისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი უცხოური ვალუტით ინვესტიციებს, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. ჩვენ მიერ გადაცემულ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებულია. საჯაროდ ვაცხადებ, თუ ვინმე არა ამ პირობებით, არამედ ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სასათბურე მეურნეობებში, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს, მთავრობა მზად არის, არა მხოლოდ სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება, არამედ მიუყვანოს ინფრასტრუქტურა – გაზი, ელექტროენერგია, წყალი და გზა, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვიკეთებია. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენ ნებისმიერი ინვესტორის მისამართით ვახორციელებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. აღნიშნულის კონტექსტში ვიცეპრემიერმა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ საკითხზე აპელირებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა. “რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ნახსენები იყო. აქაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ეს არის შვილობილი ორგანიზაცია თანაინვესტირების ფონდის, თანაინვესტირების ფონდში, კერძოდ ამ პროექტში კი მფლობელები არიან როგორც ქრთული, ისე ფრანგული კომპანიები. ასე რომ, ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. . აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირწმუნება, რომ “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ბიძინა ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება. “ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების “აწარმოე საქართველოში” და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ამ ახალი ინიციატივების აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, “ქართულმა ოცნებამ” ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. 2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას” (ს/კ 404469865). სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია” 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს “ჯი სი ეფ პარტნიორებია”. თავის მხრივ “ჯი სი ეფ პარტნიორი” 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა. ფაქტობრივად, მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური “საერთაშორისო გამჭვირვალობას” პასუხობს
შემდეგი სტატიადოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც უცხოელებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ, კანონით განსაზღვრული აღარ იქნება