ეკოლოგები დელფინის გადარჩენას ცდილობენ

მსოფლიოში ზღვის ყველაზე პატარა და იშვიათი დელფინი შესაძლებელია გადაშენებული სახეობების სიაში აღმოჩნდეს 15 წელიწადში, თუკი მათ დასაცავად გარკვეულ ზომებს არ მიიღებენ – აცხადებენ ეკოლოგები. ისინი ამბობენ, რომ დელფინი მაუის სახეობიდან მხოლოდდამხოლოდ 50-ია დარჩენილი და ის წითელ წიგნში შეიტანეს. მაუი მხოლოდ ახალი ზელანდიის წყლებში ბინადრობს. როგორც გერმანულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ NABU განაცხადა, აუცილებელია სასწრაფოდ გაატარონ ღოინისძიებები იმისთვის, რომ დელფინები თევზსაჭერ ბადეებში არ მოხვდნენ. მათი აზრით, ამისთვის აუცილებელია თევზჭერა აიკრძალოს სრულ აკვატორიაში, სადაც დელფინები ბინადრობენ. ბოლო მონაცემებით პოპულაციაში შესაძლებელია მხოლოდ 43-47 დელფინი იყოს და აქედან- მხოლოდ 10 მდედრი. პრობლემასთან დაკავშირებით შესაბამისი მოხსენება გადაიგზავნა კონფერენციაზე სან-დიეგოში, კალიფორნიის შტატში, რომელსაც 200-ზე მეტი ექსპერტი ესწრებოდა. “ახალი მონაცემები ნამდვილი კატასტროფის მაუწყებელია: ახალმა ზელანდიამ უარი უნდა თქვას საკუთარ შიდა პოზიციებზე, რომელიც თევზჭერას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბიოლოგიური არსებების გადარჩენას” – განაცხადა დოქტორმა ბარბარა მაასმა, რომელიც NABU-ს გადაშენების პირას მყოფი სახეობების განყოფილების ხელმძღვანელია. მისი თქმით, თუკი შესაბამისი ზომები დაუყოვნებლოვ არ იქნება მიღებული, დელფინის ეს სახეობა მალე განადგურდება. ახალი ზელანდიის ბუნების დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს, სანამ სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტი საკუთარ დასკვნებს და რეკომენდაციებს არ წარადგენს, რაც სავარაუდოდ, ივნისში უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ ლუკაშენკოს დედა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკიევი მოსკოვს დაკავებულ პირებზე წვდომას მისცემს