ეკა ხერხეულიძე: გომელაურმა ივანიშვილს ყოველ საღამოს უნდა უპატაკოს, რომელი სარეველაა ამოსაძირკვი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ზოგადად ჩემი დამოკიდებულება ბატონი გომელაურის მიმართ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ დამოკიდებულება. ზოგადად ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, კრიტერიუმები, რითაც ირჩევა თანამდებობებზე, ეს გახლავთ ჩემთვის სრულიად მიუღებელი.
როგორც ირკვევა, ბატონი ივანიშვილის პირადი “სტაფის” თანამშრომლები მართავენ ქვეყანას და ეს არის მოუთმენელი და სავალალო. სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ადამიანმა დააკნინა. მას წარმოუდგენია, რომ ნდობით განმსჭვალული ვის მიმართაც არის, ამ ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა.
ასეთები გახლავთ პირადი ბანკირი, პირადი ექიმი, პირადი მფრინავი, პირადი დაცვის უფროსი ბატონი გომელაური და ა.შ.” , – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მისივე თქმით, შეიძლება ამ ადამიანებს სურვილი ჰქონდეთ კარგი საქმის კეთების, თუმცა კომპეტენცია ნამდვილად მნიშვნელოვანია.
“ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთგულება არის ყველაზე დიდი სამსახური, ეს არის დანაშაული და მიუღებელი. დარწმუნებული ვარ, ბატონ გომელაურსაც ეს განცდა გააჩნია. ის პირადად ანგარიშვალდებული გახლავთ ივანიშვილთან და მას უნდა უპატაკოს ყოველ საღამოს რა ვითარებაა ქვეყანაში, რომელი სარეველაა ამოსაძირკვი და რა იქნება მისი დღეგრძელობისთვის უკეთესი”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაში“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე: თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გრაფიკი გვექნება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: სამწუხაროდ ქვეყანა იმართება კულვარებიდან