ეთერ კაკულიას ოჯახს პატრიარქმა მიუსამძიმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ქაშუეთის ტაძარში, მომღერალ ეთერ კაკულიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა.

ეთერ კაკულია დღეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„ღმერთმა ხელი მოგიმართოს ეთერი. ჩვენ მადლობელი ვართ შენი დიდი სიყვარულისათვის. ჩვენ მადლობელი ვართ იმ სითბოსათვის, რომელიც შენ დაგვიტოვე ჩვენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაამკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.

მომღერალის გამოსვენება 30 ივნისს, 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან მოხდება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთერ კაკულიას განვლილი ცხოვრების ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო. ქართველი ხელოვანები, მომღერლები, კომპოზიტორები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლის შემოქმედებას გაიხენებენ და ასე გააცილებენ მას უკანასკნელს გზაზე.

ეთერ კაკულიას, დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ.

ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულებს”- ნაციონალური მოძრაობა
შემდეგი სტატია“ხიდაშელი “ფეხებს დაუბაკუნებს” და “შეშინებული” მერკელი მაპს მოგვცემს”?! – ჯუმბერ კირვალიძე