დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ განაცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა 09:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებენ. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები სვეტიცხოველში ხარების დღესაწაულზე აკურთხა.
დეკანოზის თქმით, ჯვრების გადაბრძანება მტკვარ-არაგვის გასაყართან, ნავით მოხდება და “გეთსიმანიის ბაღში” გადაბრძანდება. იქედან კი აღნიშნული სამი მიმართულებით ჯვრებით მსვლელობა მოხდება.
მამა ბესარიონის განმარტებით, მცხეთის ჯვარზე, უჯარმასა და თხოთის მთაზე გასულ წელს მიბრძანებული სამი ჯვარი კი, რომლებმაც ეს წმინდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამი სხვადასხვა რეგიონის ეკლესია-მონასტრებში გადაბრძანდება. კერძოდ, მცხეთის ჯვრის მონასტრიდან ჯვარი შემოქმედის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მიბრძანდება; თხოთის მთიდან _ გელათის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, ხოლო უჯარმიდან ბოლნისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში.
დეკანოზმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებში რეგიონებში გადაბრძანებული ჯვრები შემდეგ, ღვდელმთავრების კურთხევით, უნდა შეიმკოს და ტაძრებში სამუდამოდ დაბრძანდეს.
ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.
საეკლესიო გადმოცემით, ხარება დღეს წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე – თხოთის მთაზე და მესამე – უჯარმაში.

banner
წინა სტატიაშინეპალში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაყაზახეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია