დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა

დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა

                                                            “Цой жив, Цой будет жить!!!”

დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა1990 წლის 15 აგვისტოს სლოკა-ტალკის ტრასის 35-ე კილომეტრზე, 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი, ახალი მუქი ლურჯი მოსკვიჩი შემხვედრი მხრიდან მომავალ იკარუსს შეეჯახა . მსუბუქ მანქანაში მჯდომი პიროვნება ადგილზე გარდაიცვალა, თავად მანქანისგან კი მხოლოდ საბარგულის სახურავი და კომპაქტ კასეტა გადარჩა. ეს კასეტა იყო იმ პიროვნების ახალი ალბომის ჩანაწერი, რომელზეც ლოცულობდა 1980-90-იანი წლების მთელი ახალგაზრდობა! ამ ადამიანს ერქვა ვიქტორ ცოი…

ცოი დაიბადა 1962 წლის 21 ივნისს ლენინგრადში, მისი ბავშვობა არაფრით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები მილიონობით ბავშვის ცხოვრებისაგან, გარდა იმისა, რომ ის კითხულობდა ძალიან ბევრს და კარგად ხატავდა. მეხუთე კლასში, უყიდეს გიტარა. 3 წლის შემდეგ ჩამოაყალიბა სკოლის ჯგუფი. 1980 წელს, როცა 18 წელი შეუსრულდა ის გაიტაცა ,,Rock ‘N’ Roll”-მა. თავიდან შექმნა ყველასათვის უცნობი ჯგუფი ,,გარინი და ჰიპერბალოიდი”. ლეგენდარული ,,კინო” კი მოგვიანებით გამოჩნდა…
1983 წლის ივნისში ცოი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ეს დიდად არ ხიბლავდა და საჭირო გახდა რაღაცის მოფიქრება, გადაწყვეტილება მალე მიიღო: მას თავი უნდა დაეღწია ფსიქიატრიული საავადმყოფოს მეშვეობით. მან გადაიჭრა ვენები და მოხვდა ფსიქიატრიულში. მისი გათვლებით 2 კვირის შემდეგ საავადმყოფოს დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის თვე-ნახევრის განმავლობაში დატოვეს და ძლიერმოქმედი ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ ჰყავდათ, თუმცა ამასაც გაუძლო და თავისას მაინც მიაღწია: საგიჟეთიდან ,,მგლის ბილეთით” გამოვიდა.

დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა
ვიქტორის ჩამოყალიბებული ჯგუფი – ,,კინო” არ გამხდარა თავიდანვე პოპულარული. სამ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე მიიწევდა ტრიუმფისაკენ. ამ დროის მანძილზე ცოიმ ბევრი რამ გადაიტანა: ქრონიკული უფულობა, სამსახურისა და ბინის ხშირი ცვლა… სად არ უმუშავია ვიქტორს: მაშველად – პლიაჟზე, დამლაგებლად საზოგადოებრივ აბანოში, ხეზე მკვეთავად, მაგრამ მისი საყვარელი სამუშაო ცეცხლფარეშობა იყო ერთ-ერთ საქვაბეში, რომელსაც მიუძღვნა სიმღერა ,,კამჩატკა”. სწორედ საქვაბეში მუშაობის წლებში მოიყვანა ცოლად მასზე 4 წლით უფროსი – მარიანა. მათ რთული ცხოვრება ჰქონდათ, ხან მეგობრებთან ათევდნენ ღამეს, ხან ოთახს ქირაობდნენ. ცოი გაჭირვებული, მაგრამ ნიჭიერი და პრაქტიკული მუსიკოსი იყო, მარიანამ მაშინვე შეაფასა მისი ტალანტი და მიხვდა, რომ ამ კაცით დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა. მისი სიტყვები: ,, კინო ეს მე ვარ” სიმართლეს შეესაბამებოდა, ხშირად მას ,,ტყავის Mცოის” ეძახდნენ. 1985 წლის ზაფხულში მარიანას და ვიქტორს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინათ. თუმცა ცოის ცხოვრებაში მაინც გაჩნდა სხვა ქალი, რომელმაც მას სრული ბედნიერება მოუტანა, მისი სახელი იყო ნატაშა. ის 3 წელი რომელიც ვიქტორმა და ნატაშამ ერთად გაატარეს იყო ყველაზე ბედნიერი პერიოდი ვიქტორის ცხოვრებაში. ,,კინოს” პროდიუსერის იური აიზენშპისის თქმით ნატაშა იყო განათლებული, ინტელიგენტი ქალი, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და ძალიან ბევრი ასწავლა ვიქტორს. მარტოსულმა ცოიმ მხოლოდ ნატაშასთან შეძლო თავისი თავის პოვნა და გაბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ მათ დიდ ხანს ერთად ყოფნა არ დასცალდათ… გასვენებაში მარიანა და ნატაშა გვერდიგვერდ იდგნენ, მაგრამ იმ მომენტში ერთმანეთის მიმართ სიძულვილს ნამდვილად არ გრძნობდნენ.

დღეს ვიქტორ ცოი 53 წლის გახდებოდა

მარიანა და ვიქტორი
პირველი აღიარება ,,კინომ” 1984 წელს ლენინგრადის II როკ-ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ დაიმსახურა. 80-იანი წლების ბოლო კი ჯგუფისთვის იყო ტრიუმფალური, წარმატებას წარმატება მოყვებოდა… თავიდან გამოვიდა ალბომი ,,Группа Крови” რომელსაც მოჰყვა ფილმი ,,ასა” რომელშიც ,,კინომ” შეასრულა სიმღერა ,,ჩვენ ველით ცვლილებებს” რაც აიტაცა იმდროინდელმა ახალგაზრდობამ და მათ ჰიმნად იქცა.
ცოის უყვარდა აზიური კინო. იტაცებდა: აღმოსავლური ფილოსოფია, ბუდიზმი, დაოიზმი, ტიბეტური მონასტრები და ჰქონდა ჰობი – ,,აღმოსავლური ორთაბრძოლები”. ის საათობით უყურებდა ფილმებს ბრიუს ლის მონაწილეობით და შემდეგ სრული სერიოზულობით ვარჯიშობდა.
1990 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, იური აიზენშპისის ძალისხმევით მოიპოვეს უფლება, რომ ცოი დაეკრძალათ ლენინგრადის ერთ-ერთ საუკეთესო – ბაგასლოვსკის სასაფლაოზე. ახლობლებს ეშინოდათ დაკრძალვის დროს ექსცესების, რადგან ბევრი ახალგაზრდისთვის ის იყო კუმირი, ამის გამო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ ერთ-ერთი ტელევიზიის (LenTV)-სტუდიაში და პირდაპირ ეთერში, თაყვანისმცემლებს სიფრთხილისა და თავშეკავებულობისაკენ მოუწოდეს… გასვენებამ საზეიმოდ ჩაიარა… მას დაესწრო ძალიან ბევრი ადამიანი. იყო ბევრი ცრემლი და უფრო მეტი ყვავილი.

coicois
,,Цой жив, Цой будет жит!!!” ასეთი წარწერები უკვე 20 წელიწადზე მეტია ამშვენებს ერთერთი სახლის კედელს ძველ არბატზე. სხვა სახსოვარი ხალხს ცოიზე მისი სიმღერების გარდა არ ჰქონდა. ახალგაზრდობა ძეგლის დადგმას ითხოვდა… 2004 წელს მათ დაიწყეს ამაზე მუშაობა და როცა შეიქმნა ძეგლი და ძველ არბატზე დადგეს, მოსახლეობამ იჩივლა: მოხუცების შიშით აქ სიარულს დაიწყებდნენ: ლოთები, ნარკომანები და უსაქმურები. ამის გამო არბატიდან ძეგლი აიღეს და უნივერსიტეტის პროსპექტზე გადაიტანეს…
მიუხედავად იმისა, რომ ცოის გარდაცვალების შემდეგ ამდენი წელი გავიდა, მის სიმღერებს დღესაც სიამოვნებით უსმენს ახალგაზრდობა და მის საფლავზე ყოველთვის შეგიძლიათ ,,ცოცხალი” ყვავილის ნახვა…

https://youtu.be/FU8csnZxdPA

banner
წინა სტატიაშისადეზინფექციო სამუშაოები პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე ხორციელდება
შემდეგი სტატიასალომე ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედალი აიღო