დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ახალი სტილით 8 ივნისს იწყება და 12 ივლისს დასრულდება.

მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირას, ხოლო ყველაზე მცირე შვიდ დღეს გასტანს.
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმინდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმ. მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია.
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს აღინიშნება. მეორე დღეს კი წმინდა ეკლესია იხსენებს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედეს ძეს, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მატეს იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, იგივე თადეოზს, სვიმონ მოშურნესა და მატათას. ამავე დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. მართალია, მან უფალი სამგზის უარყო, მაგრამ პეტრე ამავდროულად მაცხოვრის მხურვალე სიყვარულის გამო ადამიანური ბუნებით საკუთარ თავში დაჯერებული აღმოჩნდა, მაცხოვარს ის არავის დაანებებდა და ვინც ხელს აღმართავდა მაცხოვარზე, მას თავად პეტრე გაუსწორდებოდა.
პეტრე მოციქული ამის შემდეგ ღრმა სინანულმა შეიპყრო. ის გამცემი იუდასავით კი არ მოიქცა და თავი კი არ ჩამოიხრჩო, არამედ გადგა ცალკე და მწარედ ტიროდა. ეს სინანული მას ცხოვრების ბოლომდე არ განელებია. მას ცრემლისგან ღაწვზე ღარი გაუჩნდა და ამიტომაც ხატებზე ის ცრემლით დაღარული გამოისახება.
ვერცერთმა საღმრთო მწერალმა ისე ვერ გადმოსცა და აღწერა თუ რა ძალა აქვს ქრისტესმიერ სიყვარულს, როგორც მან. თუ სიყვარული არ გაქვს, წერს წმინდა მოციქული პავლე, “რაგინდ ვწინასწარმეტყველებდეთ და ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება ვიცოდეთ, რწმენაც რომ გვქონდეს იმ ზომის, რომ მთა ვაბრუნოთ და გადავიდეს თავის ადგილიდან, ამას თუ სიყვარული არ ახლავს, ანგელოზთა ენაზეც რომ ვლაპარაკობდეთ, ფასი არ ექნება არაფერს“.

banner
წინა სტატიაშივაკეში 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიამომავალი კვირის ამინდის პროგნოზი