„დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით ფინანსდება

უეფას სუპერთასის მატჩისთვის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით ფინანსდება.

„დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა
კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნენ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მეშვეობით ჩამოვიდა და დამონტაჟდა 92 ერთეული ტურნიკეტი, პროექტის დასრულებისას მათი რიცხვი 116-მდე გაიზრდება, მთლიანად გამოიცვალა გახმოვანების სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს სტადიონის კონსტრუქციის გამაგრება, გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემა, დამონტაჟდა ტაბლო, ასევე უმაღლესი ხარისხის გახმოვანებისა და განათების სისტემები. მისივე თქმით, ჯამში რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, თანადაფინანსებას ახორციელებს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, სტადიონი უეფა-ს მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს და თბილისი სუპერთასის ფინალს ღირსეულად უმასპინძლებს. მისივე თქმით, საქართველო – გერმანიის თამაშისთვის დასრულებულია სამუშაოების ნაწილი – გახმოვანება,
შემოსასვლელები, დამონტაჟდა ვიდეოკამერები. მისივე თქმით, თამაშის შემდეგ დაიწყება არსებული
სკამების დემონტაჟი და დამონტაჟდება ახალი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, კომისია მუშაობს, რათა 11
აგვისტოს ფინალური მატჩისთვის სტადიონი მზად იყოს. “ჩვენ გვექნება მართლაც სანიმუშო სტადიონი და 11 აგვისტოს ღირსეულად ვუმასპინძლებთ ფინალს“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

„ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, „დინამო არენას“ რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. სუპერთასის მატჩამდე სტადიონის ეზოში ახალი ხეები დაირგვება და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

გერმანია-საქართველოს თამაშისთვის სტადიონზე უკვე დასრულებულია ეზოს კეთილმოწყობის, გამაგრებისა და ტურნიკეტების დამონტაჟების ძირითადი სამუშაოები. 29 მარტის შემდეგ იგეგმება რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება – მოხდება ძველი სკამების დემონტაჟი და სტადიონი ახალი სკამებით აღიჭურვება. იგეგმება მედია ზონის სრულიად შეცვლა და უეფას სტანდარტებზე მორგება.

banner
წინა სტატიაშინარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება