დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში და აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ წუთებში ბიუჯეტის მხრიდან ლარზე ზეწოლა არ არსებობს და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა ძალიან თანაბარზომიერად მიმდინარეობს. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, განცხადება გაკეთებული იყო რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებითაც, რომ ეს მიმართულებაც არ ზემოქმედებს ლარის კურსზე.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში. აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე იყო განხილული ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ აღნიშნული ცხოვრებაში რეალურად გადაიქცეს … რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ისევე, როგორც მონეტარული პოლიტიკის ნაწილში უფრო მკვეთრ ქმედებებს, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურეს თავიანთი სრული მზადყოფნა ქმედებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საჭიროება არ დადგება. დღევანდელი მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საჭიროებას არ გვაჩვენებს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ქმედება განვახორციელოთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას