“დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირი” ვეტერან ოთარ ვაჩაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

“დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირი” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში ვეტერან ოთარ ვაჩაძის დაუსწრებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ვაჩაძე ღონისძიებაზე მიწვეულთა სიაში იყო და გაუგებარია, რატომ არ მოხდა მისი ტრანსპორტირება ღონისძიების ადგილზე.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მომხდარა მიწვეულ ვეტერანთა რაოდენობის შემცირება და მეტიც, ვეტერანი ოთარ ვაჩაძე ღონისძიებაზე მიწვეულ პირთა სიაში იყო. ჩვენთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ბატონი ოთარ ვაჩაძის ტრანსპორტირება ღონისძიების ადგილზე. აიპ – დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირი სინანულს გამოთქვამს აღნიშნული გაუგებრობის გამო და ბოდიშს უხდის ვეტერან ოთარ ვაჩაძეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არასამართლიანად მიგვაჩნია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება აღნიშნულ ფაქტში. პირიქით, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლო ორი წელია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიღებაზე მიწვეულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სიის შედგენა და ვეტერანების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უშუალოდ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აიპ – დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე – ამომრჩეველს ალბათ უნდა ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე