დეიმონ ვილსონი: თბილისის ყოფილი მერის საქმე კანონის უზენაესობის გამოცდაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას გმობს, ამერიკელი ექსპერტი ეხმაურება. როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, თბილისის ყოფილი მერის საქმე კანონის უზენაესობის გამოცდაა.
“საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობიდან და თითქმის არშემდგარი სახელმწიფოდან იქცა ქვეყანად, რომელიც დასავლეთის კარებთან დგას, ნატო-ს კარებზე აკაკუნებს და აქვს წარმოუდგენლად მყარი კავშირები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოში ახლა პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მომწიფების პერიოდია. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება,” – აცხადებს დეიმონ ვილსონი.
მისივე შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო საქმე სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულობის ტესტია.
“მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი, მაგრამ მნიშნელოვანია საქართველომ ამას თავი ისე გაართვას, რომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა, რომელიც ვითარებას აკვირდება, ასევე ქართველი ხალხის ნდობა. მწვავე პოლიტიკური დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ამ ხაზის პოვნა გარდამავალი დემოკრატიებისთვის ყველაზე რთული მისიაა. ჩემი აზრით, საქართველოში ახლა სწორედ ამ სირთულის მომსწრენი ვართ,” – განმარტავს ამერიკელი ექსპერტი.
დეიმონ ვისლონის თქმით, სირთულეების მიუხედავად ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების სჯერა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამისთვის საჭირო წინაპირობები როგორიცაა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადობის და პოლიტიკური ოპოზიციის გააზრება ადვილად მისაღწევი არ არის.

banner
წინა სტატიაში„იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება და სტიგმა“
შემდეგი სტატია,,რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია”- “დოიჩე ველეს” გადამღები ჯგუფი აფხაზეთშია