დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დაჭრილი პოლიციელის,  ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიისცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.

“პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს. პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე. ვალერიან გრძელიშვილს აქვს ერთი გამჭოლი ჭრილობა, თუმცა ეს ჭრილობა ისეთი ღრმა არის, რომ მან ნაწლავების მრავალობითი დაზიანება გამოიწვია”, – განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: რუმინეთი არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
შემდეგი სტატიადაჭრილ პოლიციელს პრემიერ მინისტრი მოინახულებს