„დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა“

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი არაა, ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ფატუ ბენსუდას საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.

„13 ოქტომბერს მივმართე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებს და მოვთხოვე უფლებამოსილების მონიჭება, რომ შეგვძლებოდა გამოძიების დაწყება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ პროცედურას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. ეს მხოლოდ ჩემი მიმართვა იყო, მე მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა, რომლებმაც ეს მოთხოვნა უნდა შეისწავლონ. ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს, საქართველო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა და შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა. მნიშნელობა არ აქვს, რომელ ეროვნებას მიეკუთნება ესა თუ ის პირი“, – განაცხადა პროკურორმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი, შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად ჩამოვიდა. პროკურორი ვარაუდობს, რომ 2008 წელს ქვეყანაში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. ჰააგის პროკურორი საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას, “მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას” მიიჩნევს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით, თხოვნით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებაზე დაისვა, უნდა მოიხსნას”