დავით უსუფაშვილი: ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ და გამოცდილებად ვაქციოთ კარგიც და ცუდიც

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტი ის ადგილია, სადაც პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლიდერებმა ყველაფრის მიუხედავად, ერთად შრომა უნდა მოვახერხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სტაჟიორებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მათ სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, პარლამენტი არ არის ყველაზე კონსერვატიული დაწესებულება სახელმწიფოში, მაგრამ მაინც არის ხოლმე რაღაც სტერეოტიპები, რომელთა დანახვა მხოლოდ გარე თვალით შეიძლება.
დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც პარლამენტში სტაჟირებაზე საერთაშორისო სამართლის ფაკუტეტის რამდენიმე სტუდენტი იმყოფებოდა.
“1991 წლის დასასრულს, როდესაც ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია, ჯერ არ იყო ეს შენობა ალყაშემორტმული, თუმცა უკვე, პრაქტიკულად, აქეთკენ მიდიოდა საქმე, მაშინ მე მომიწია მოსვლა საარჩევნო საკითხებზე, მაშინ ყველაზე ცხელი საარჩევნო საკითხები იყო. ერთი ნაცნობი სტუდენტი შევნიშვე ფოიეში. აქ რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე გაოცებულმა, თითონ შემომიბღვირა და შენ თითონ რას აკეთებ აქო. მას მერე არცთუ იშვიათად ასე იბღვირება ხოლმე. ეს სტუდენტი შემდეგ პარლამენტის წევრი გახდა და შემდეგ კიდევ თავდაცვის მინისტრი. მაშინ სწორედ სტაჟირებაზე იმყოფებოდა ახლად შექმნილი საერთაშორისო სამართლის ფაკუტეტის რამდენიმე სტუდენტი”, – განაცხადა უსუფაშვილმა
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაკულტეტს პირველი მიღება 1990 წელს ჰქონდა, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ხელშეკრულებები მაშინდელი საქართველოსთვის სიახლე იყო.
“მოგეხსენებათ, მანამდე საბჭოთა კავშირი იყო სამართლის სუბიექტი საერთაშორისო არენაზე და საქართველომ დაიწყო სამართალმემკვიდრეობა ამ სფეროში ძალიან ბევრ საკითხზე და საერთაშორისო სამართლის სტუდენტებზე იყო დიდი მოთხოვნილება იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სპეციალისტები ყველაზე იშვითი იყო. მას შემდეგ ამ კედლებში ბევრმა ადამიანმა გაიარა. მე ვისურვებდი, რომ თქვენთვის ეს იყოს დაუვიწყარი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიტყვა – გამოცდილებაში ყოველთვის პოზიტიური არ იგულისხმება.
“ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ და გამოცდილებად ვაქციოთ კარგიც და ცუდიც, სწორიც და არასწორიც. ამ თვალსაზრისით მგონი წელს პარლამენტმა მოვინდომეთ, რომ გვეჩვენებინა რაღაცა ისეთი, რომლებიც გამოცდილებად დარჩა, რაც არ არის შესაძლოა, სწორი და არ არის მთლად მისაღები. მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც და მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას პარლამენტში, მე უფრო ვგულისხმობ, დამოკიდებულებას იმ ფუნქციისადმი, რაც პარლამენტს უნდა ჰქონდეს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლიდერებმა ყველაფრის მიუხედავად ერთად შრომა უნდა მოვახერხოთ. თუ ერთად შრომა ვერ ხერხდება პარლამენტში შემოსული პოლიტიკური ძალების, მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ ვართ პარლამენტში. მაშინ შეიძლებოდა სხვადასხვა შენობა დაგვექირავებინა, ახლა რომ ორი პარლამენტი გაქვს და მომავალ წელს წილი ვყაროთ – ოპოზიცია ერთ შენობაში დაჯდეს, უმრავლესობა – მეორეში. თუ ერთამენთს არ დაველაპარაკებით, არ მოვისმენთ, არ ვიშრომებთ რაღაც თემებზე, მაშინ ალბათ ასე უკეთესი იქნება და შორიდან ველაპარაკოთ ერთმანეთს. საწუხაროდ, ამ პარლამენტის განვითარება უფრო მაგ მიმართულებით წავიდა. უფრო და უფრო ნაკლები კონტაქტი და უფრო და უფრო ნაკლები თანამშრომლობა და არა პირიქით. ბოლო ხანებში დარბაზებსაც ხედავთ, ოპოზიცია ძირითადად სხვა საქმითაა დაკავებული – ხან მეზობელი ქვეყნების გუბერნიებში, ხან სხვა ადგილებზე, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში არ არიან, ეს ცუდი ამბავია, თუმცა შეიძლება კითხვა დასვათ – უმრავლესობა რომ ხართ, თქვენ რას მიკეთებთო, ან როგორ კანონებს იღებთ და ა.შ. მე მხოლოდ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე არ ვსაუბრობ”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ უმრავლესობის ვალია და როლია ისეთი ატმოსფერო შექმნას, სადაც ოპიზიციას, რომელიც ცოტაა რაოდენობრივად, სათანამშრომლო პირობები შეუქმნას.
“თქვენ გქონდათ საშუალება, დაკვრვებოდით შიგნიდან ამ პროცესებს, რომელიც ტელევიზორიდან, გარედან ისე მკაფიოდ არ ჩანს და დაგენახათ რეალური არსი ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების, პოლიტიკური სისტემის, რომელშიც უამრავი რამეა გასაუმჯობესებელი, გასაკეთებელი და შეცვლელი. თქვენ ნახეთ უმძიმესი შრომა, რომელიც პარლამენტის აპარატის მხრებზე და ზურგზე გადადის. რაც ტელევიზორში ჩანს ეს არის აისბერგის წვერო და ქვემოთ უზარმაზარ საქმეს აკეთებენ, რათა ერთი სხდომა გაიმართოს სათანადო დონეზე, რომ კანონპროექტი დარიგებული იყოს, ხალხი მოწვეული იყოს, ტექნიკა გამართულად მუშაობდეს და ა.შ.”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვას საფუძვლად პერსონალური ინტერესები ედოს
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება