დავით საყვარელიძე – უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს, თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე მისი მოსყიდვის მცდელობებზე საუბრობს. ამის შესახებ მან ZN.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“დიახ, უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს – თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს. მე უარი ვთქვი”, – განაცხადა საყვარელიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს საქართველოში ანალოგიურ პოსტს იკავებდა.
დავით საყვარელიძემ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ უწყებაში თანამშრომლების მხოლოდ 30 პროცენტია პროფესიონალი და პატიოსანი. ამიტომაც მისი თქმით, ის აპირებს თანამშრომლების შემცირებას და დარჩენილებისთვის ანაზღაურების გაზრდას, ასევე გეგმავს ბონუსური სისტემის დანერგვასაც.
“საქართველოში, ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლის მიხედვითაც, თუ გამომძიებელი მილიონობით დოლარის კორუფციულ გარიგებას გამოავლენდა, ის ბონუსის სახით რამდენიმე ათასს მიიღებდა”, – აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
მან კომენტარი ბოლო დროს უკრაინაში ტელევიზიების თანხლებით დაკავების რამდენიმე შემთხვევაზეც გააკეთა. საყვარელიძის თქმით, მსგავსი სისტემა ეფექტურია კორუფციის აღმოსაფხვრელად.
“ჩვენ ვაცხადებთ ნულოვან ტოლერანტობას კორუფციის მიმართ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანი არის სერიოზული. კორუმპირებულმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ საზოგადოება ჩვენს მხარესაა. ვფიქრობ, მათ ეს უკვე გაიგეს და დაინახეს საკუთარი თვალით” , – აღნიშნა საყვარელიძემ.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, უწყებაში რეორგანიზაცია 20 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიხულოში საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი უკრაინაში გაემგზავრება