დავით საგანელიძე – იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არსებობდა

რაკი იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო, სავარაუდოდ, მას ამის მიზეზი ექნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და ხარვეზები არსებობდა. “არ ვიცი, რა იყო გადადგომის მიზეზი. ალბათ მან გარკვეულად თვითონ შეაფასა სიტუაცია, რომ არის პრობლემები, რასაც თავად ვერ მოერია. შენიშვნები და ხარვეზები ნამდვილად იყო, თუმცა არ ვიტყვი, რომ ეს ისეთი ხარვეზები იყო, რომ გუბერნატორი უნდა გადაგვეყენებინა. ხარვეზები ყველგან არის და შეკითხვები არის იქ, სადაც საქმე კეთდება. რაკი მან თავად ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა გადადგეს, ალბათ, ამისი მიზეზი ჰქონდა”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ. იგი აპირებს იმერეთის ყოფილ გუბერნატორთან შეხვედრას და გადადგომის მიზეზების პირადად მასთან გარკვევას.
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშივილი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ მან დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეფარიშვილს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია სურდა თანამდებობიდან წასვლა და პრემიერ-მინისტრს სთხოვდა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თუმცა, ამ დრომდე მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამიტომ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ზაზა მეფარიშვილის თქმით, მას არანაირი შემოთავაზება არ აქვს და ჯერჯერობით არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას.
ზაზა მეფარშვილი იმერეთის გუბერნატორის პოზიციაზე 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი იყო. 2006-2013 წლებში მეფარიშვილი “საქართველოს ბანკში” პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე აჭარაში რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭო საქმიანობას კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს