დავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილს აქილიკებს

დავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილს აქილიკებსზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები , მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა, – აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აკეთებს.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 18 დეპუტატის დღევანდელი განცხადება თავად ქუცნაშვილის მიერ არის დაწერილი, რომელსაც დეპუტატებმა შემდგომ მოაწერეს ხელი.
“ორი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მე თურქეთში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, არც ერთი კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესახებ არ დასმულა. ზაქარია ქუცნაშვილს იმის სურვილი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

 

დღეს მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს აძლევს უფლებას და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება. პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ.

 

მზად ვარ ყველას,ვისაც კითხვა აქვს, პასუხი გავცე, მაგრამ ვალდებული არ ვარ 90-მდე დეპუტატს ვესაუბრო. მიმაჩნია, რომ ფრაქციის თავმჯდომარეები ფრაქციის წევრებს აწვდიან ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია დეპუტატებამდე მიდის. არანაირად არ ვარ ვალდებული, უმრავლესობაში შემავალ შვიდივე ფრაქციას ცალ-ცალკე ვესაუბრო და 90 დეპუტატის მოსაზრება ერთ მოსაზრებამდე დავიყვანო. პრეზიდენტთან საუბრის ლეგიტიმაცია ყველასგან მქონდა და თუკი ეს ლეგიტიმაცია ქუცნაშვილს არ მოეწონა, ის იყო ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც ფრაქციამ პოსტიდან გადააყენა და, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს მას უფლება ჰქონდა პოლიტსაბჭოს შეხვედრებს დასწრებოდა. რაკი ახლა ვერ ესწრება, კითხვა სხვას – ფრაქციის თავმჯდომარეს დაუსვას”, – აცხადებს დავით საგანელიძე.
რაც შეეხება 18 დეპუტატის განცხადებას, საგანელიძის შეფასებით, მასში განსაკუთრებული არაფერი წერია და არც კონსტიტუცია ირღვევა.
“ჩვენ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული ვალდებულება კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, როცა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით გარკვეულ კრიტერიუმებზე ჩამოვყალიბდით. აღნიშნულ კრიტერიუმებზე საუბარი სამი კვირაა მიდის და მაინტერესებს, ამ 20-მდე ადამიანს სურვილი რატომ არ გაუჩნდათ, რომ საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატათ?! მათ საკუთარი პოზიცია მას შემდეგ გამოხატეს, რაც ქუცნაშვილმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

 

განცხადება ქუცნაშვილმა დაწერა და ამ 20 კაცს შემდეგ ხელი მოაწერინა. ქუცნაშვილს ვუსურვებდი, ის ახალგაზრდა კაცია და მეტი დაფიქირება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, იმიტომ, რომ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს. არ მინდა, რომ ახალგაზრდა კაცმა, ასეთი შეცდომები დაუშვას. როცა უმრავლესობის ლიდერს ისეთი სიტყვებით მიმართავს, რისი უფლებაც თავს მისცა. მას ისე უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, რომ დაკარგა ზომიერება, ტაქტი და ტყუილებიც იკადრა”, – განაცხადა საგანელიძემ

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: ს არ არის ის კაცი, რომელიც თბილისის სახეს უნდა წარმოადგენდეს
შემდეგი სტატიამინსკის შეთანხმება არარეალურია – აცხადებს რადას დეპუტატი სემიონჩენკო