დავით საგანელიძე: ეს ალბათ მათი ქრონიკული დაავადება იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

არ იყო იმის აუცილებლობა, რომ არიქა 5 მარტს წარმოედგინა მთავრობას სამოქმედო გეგმა. მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

“მე, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ქვეყანაში გარეშე ფაქტორებისა და გარე შოკების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა გარკვეულად ცვლის რაღაც ნიუანსებს. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი, რომ შეიძლებოდეს ამის ნაჩქარევად – 2 დღეში, 3 დღეში ან 5 დღეში გაკეთება. დამერწმუნეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს 5 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი თუ 15-ში. ასე რომ, საუბარი, არიქა 5 მარტს უნდა წარმოედგინათ, თუ არადა ქვეყანა ინგრევაო, მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს, თორემ ამის აუცილებლობა არ არის. გვირჩევნია დოკუმენტი იყოს უფრო კარგად დამუშავებული და უფრო კარგად გამაგრებული, ვიდრე ნაჩქარევი იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციურ ძალას სჭირდება ასეთ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომელიც პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკურ ძალას რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე “ქრონიკული დაავადება” აქვს.

“როცა სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ პიარისა და დემაგოგიისთვის იბრძვი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისში, ყოველი კვირის ბოლოს “ნაცმოძრაობამ” რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე გააკეთოს განცხადებები. ეს, ალბათ, მათი ქრონიკული დაავადება იქნება”, – აღნიშნა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშირატომ მოიმდურა ხადურმა თვითმმართველობები და რა ბრალდებებს უყენებენ მას მერები და გამგებლები
შემდეგი სტატიასომხური ტვირთების ქართული პრობლემა ევრაზიულ კავშირში