დავით საგანელიძე – გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, გასარკვევია თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან.
როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ ადეიშვილი უნდა იძებნებოდეს.
“პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდეც ძებნილი. გარკვევა სჭირდება თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვისაუბროთ. ასეთი პიროვნება უნდა იძებნებოდეს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები დაისვას მთავარი პროკურორის მისამართით. თუმცა, დეპუტატმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამისთვის საკომიტეტო სხდომის მოწვევა და შეხვედრის საჯარო ფორმატში გამართვა აუცილებელი არ არის და შესაძლოა სათანადო კითხვები “სამუშაო ვითარებაში დაისვას”.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში„საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას ვურჩევ, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობის გაძლიერებას,” – მაია ფანჯიკიძე
შემდეგი სტატია200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება