დავით ნარმანია: გადაუდებელი წესით დაზიანებული გზების აღდგენა უნდა იყოს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა

დედაქალაქის მერიაში ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებზე საუბრობენ. დედაქალაქის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, უმთავრესი საკითხები, რაზეც დღეს იმსჯელებენ, არის ის, თუ როგორ იქნას მოძიებული ტრანსპორტის გადაადგილების სქემები.

“პრემიერთან გამართულმა შეხვედრამ განაპირობა დღევანდელი სხდომის დაგეგმვა. იქ ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე, ვიმსჯელეთ, თუ რა შესაძლო ალტერნატივები არსებობს ვერეს ხეობის აღდგენისთვის და ხეობაში გზის გატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოკლევადიანი გეგმა აუცილებლად გვჭირდება და სექტემბრამდე თუ ამ გზის აღდგენას აზრი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ალტერნატიულად ტრანსპორტის მოძრაობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, დღეს უნდა იმსჯელონ ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე.

“ვიმსჯელებთ ტრანსპორტის გადაადგილების სქემებზე. როგორ უნდა მოვიქცეთ. გადაუდებელი წესით დაზიანებული გზების აღდგენა, ეს უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, ხოლო უფრო გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება უფრო მყარი რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მოწყობა იმგვარად, რომ მოგვცეს საშუალება, რომ მომავალში მსგავსი სტიქიის დროს თავიდან ავირიდოთ ასეთი შედეგები. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, რომ ადრეული შეტყობინებებისა და სისტემების შესყიდვა და მონტაჟი დროულად დაიწყოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მიეცემა დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს და ისინი იზრუნებენ და იმუშავებენ ამ საკითხზე. დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეს საუბარი იქნება არა მხოლოდ თამარაშვილის-გმირთა მოედნის გზაზე, არამედ მთლიანად ხეობის განვითარებაზე, მათ შორის წყნეთი-ბეთანიის გზაზე.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობაში სამუშაოდ მოხალისეებს არ დაუშვებენ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: დღეს ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი