დავით ნარმანიამ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდა ითხოვა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ირაკლი ნადირაძისა და ზაზა ვეკუასაგან ბოდიშის მოხდა ითხოვა.
თბილისის საკრებულოში სხდომაზე ამ წუთებში დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატების შენიშვნებს და კითხვებს პასუხობს. დავით ნარმანია გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარის, ზაზა ვეკუას და საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებებს, რომელიც მათ გააკეთეს სხდომაზე თბილისის მერიაში გახმაურებული დაკავებებთან დაკავშირებით.
კერძოდ, სხდომაზე ირაკლი ნადირაძემ მიმართა დავით ნარმანიას მისი ძმის, ირაკლი ნარმანიას განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირაკლი ნარმანიამ ვრცელი განმარტებები უნდა გააკეთოს ჯოკია ბოდოკიას ნაცნობობასთან დაკავშირებით. ზაზა ვეკუამ კი, თავის მხრივ, თავის გამოსვლაში საუბრისას აღნიშნა, რომ შეუძლებელია მერიაში კორუფციული გარიგებების შესახებ ნარმანიამ არაფერი იცოდეს და არ იყოს ჩართული. ამ განცხადებებს დავით ნარმანიას მკვეთრი რეაქცია მოყვა.
საუბრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ხელი წასცდება, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის პოზიცია არის ისეთი, რომ ყველა დაისჯება. მან მოუწოდა საკრებულოს წევრებს დაელოდონ გამოძიების პროცესს და პატივი სცენ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. მან მიმართა ირაკლი ნადირაძეს და ზაზა ვეკუას, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი. კერძოდ, ზაზა ვეკუას უთხრა, რომ მისი ძმა, ირაკლი ნარმანია მხოლოდ იცნობს ჯოკია ბოდოკიას, საარჩევნო კამპანიიდან. ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მისი მონაწილეობა ამ საქმეში გამორიცხა.
“თავს არ მივცემ იმის უფლებას თქვენ სასამართლოში გიჩივლოთ. თქვენ ხართ ამის ღირსი”, – მიმართა დავით ნარმანიამ ზაზა ვეკუას.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში დაურეკა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებილი დავალებების გამო