დავით მაღრაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ღია წერილით მიმართავს

მწერალი დავით მაღრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლას ბერლინერს ღია წერილით მიმართავს.
დავით მაღრაძე წერილში იმ კომენტართან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თემაზე გააკეთა.
“ბატონო ელჩო, ვადასტურებ თქვენდამი ჩემს პატივისცემას და პირველ ყოვლისა მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოსთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და თანადგომისთვის.
რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ “დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილება იქმნება”, ვიდრე ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, მანამდე ერთ ისტორიას გაგიმხელთ.
2009 წლის აპრილის, ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის საწინააღმდეგო, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების წინა დღეებში შევხვდი თქვენს ერთ-ერთ წინამორბედს, ბატონ ტეფტს, რომელმაც მკითხა, გამოცხადებულ 9 აპრილის აქციაზე თუ რა რაოდენობის მომიტინგეს ველოდებოდით. მე ვუპასუხე, რომ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეთა უპრეცენდენტო რაოდენობა შეიკრიბებოდა, დაახლოებით 100 000 ადამიანი. ბატონმა ტეფტმა მითხრა, რომ მისი ინფორმაციით 3-4 ათასიც ვერ შევიკრიბებოდით. 2009 წლის 26 მაისს გადავსებულმა სტადიონმა აჩვენა, ვინ იყო მართალი.
აღნიშნული ფაქტი იმისთვის მოვიხმარე, რომ ცხადვყო შემდეგი: როცა პოეტს არ უსმენენ და პოლიტაქტივისტების სჯერათ, ასეთია ხოლმე რეალობასთან ცდომილების ამპლიტუდა.
2010 წლის თებერვალში ღია წერილით მივმართე შეერთებული შტატების დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ვწერდი, რომ “საქართველოს ხელისუფლების მოჩვენებითი ანტირუსული ისტერია გამიზნულია მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, რაც გულისხმობს დასავლეთისა და შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერას. უპირობო და უკონტროლო მხარდაჭერა კი თავის მხრივ გულისხმობს ნებადართულ ძალადობას”.
საერთაშორისო საზოგადოებრივი, სახელოვნებო წრეებიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ძალიან საგულისხმო მხარდაჭერა მომწვდა, პოლიტიკური წრეებისთვის კი კვლავ გაუგონარი დარჩა პოეტის სიტყვა.
ბატონო ელჩო, თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის დროს საქართველოში გაითელა სიტყვის თავისუფლება, დაილეწა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იმედი”, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, პოლიტიკურ გადაცემათა ლიცენზიები სადაო გახდა და ა.შ. და ა.შ.
2009 წელს, ავსტრიაში. ქალაქ ლინცში მიმდინარე საერთაშორისო PEN მწერალთა ასოციაციის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეამ(მე გახლავართ ქართული PEN ცენტრის დამფუძნებელი) მიიღო რეზოლუცია და რეზოლუციის სამი ძირითადი პოსტულატი ასე ჩამოაყალიბა: შეწყდეს თავდასხმები ჟურნალისტებზე; შეწყდეს კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე; საქართველოს მედია გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
იმ ავადსახსენებელი პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება აღარ აკონტროლებს მედიას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდა საზოგადოებას.
ნაციონალური მოძრაობის მართველობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა: პოლიტიკური პოლიცია, რბევა და ტერორი, ხელყოფილი კერძო საკუთრება, წართმეული ბიზნესი, გაყალბებული არჩევნები, ციხეებში პატიმართა წამების სისტემური ხასიათი, ხელისუფლებისგან მედიაკონტროლი, დაუცველი მოქალაქე.
ბატონო ელჩო, ყოველივე ზემოთქმული მაფიქრებინებს, რომ “რუსთავი 2”-ის (ეს ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხელისუფლების განუყოფელი ნაწილი იყო და მუდამ საეჭვო გარემოებაში გადადიოდა ხელიდან ხელში) მეპატრონეებს შორის დავას გაარკვევს მონობიდან გათავისუფლებული დამოუკიდებელი სასამართლო.
სიტყვის თავისუფლება არანაირად არ უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას.
როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება “რუსთავი 2”-ში შეიჭრა და სიტყვის თავისუფლებას რეალური საფრთხე დაემუქრა, მაშინ მე “რუსთავი 2″-ის აქტიურ დამცველთა შორის გახლდით.
თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად მინდა რომ თქვენი, ვფიქრობ უსაფუძვლო შეშფოთება დავაცხრო და გითხრათ რომ იყავით მშვიდად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგან ურეიტინგო, პოლიტიკურ-ზნეობრივად გაკოტრებული, ხალხის უნდობლობით დაღდასმული, დაშლილი, დანაწევრებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდება. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.
იქნებ სცადოთ პოეტის მოსმენა. სადაც პოეტს არ უსმენენ, დიქტატორის მოსმენა მოუწევთ”, – -ნათქვამია დავით მაღრაძის ღია წერილში.
ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-სთან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ ”წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს”.
“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული”,- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა Media.ge-სთან.

banner
წინა სტატიაში“კოჰაბიტაცია მაინცადამაინც სექსუალური აქტი გვგონია, „ძემოტრაკია“ კი ორგაზმი…”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება