დავით დონდუა-საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. მისი თქმით, MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში.
“დღევანდელ შეხვედრაზე MAP-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი. ყველაფერ ამის საშუალებას იძლევა სწორედ ეს ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება რამდენიმე საათში”, – განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, მთავარი გზავნილი რაც გააჟღერა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის ნატო-ს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოს და ნატო-ს აქვთ საერთო ინტერესები.
“ეს ინტერესები არის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა და მეორე, ასრულდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომელიც საქართველოს სრულ ინტეგრაციას გულისხმობს ნატო-ში. ამისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დემოკრატიული რეფომრები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ამ რეფორმებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა. ასევე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა გასულ სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ერთ-ერთი ღონისძიება არის სწორედ სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომლის ინაუგურაციაც მოხდება დღეს”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს და მისი თითოეული წევრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.
“მან დაგმო ის დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთი რეგიონში და აღნიშნა, რომ ეს არ არის მიმართული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და პირიქით, ეს უფრო ძაბავს სიტუაციას. მან სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს რეგიონში”, – აღნიშნა დონდუამ.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმართული არ იქნება რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ