გურამ შარაძის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა

გურამ შარაძის გარდაცვალების მერვე წლისთავი შარაძის ახლობლებმა და მეგობრებმა მისი მკვლელობის ადგილზე მდუმარე აქციით აღნიშნეს.
გურამ შარაძის ახლობლები, მეგობრები და თანამოაზრეები დღეს მელიქიშვილის ქუჩისა და აკაკი შანიძის ქუჩის გადაკვეთაზე შეიკრიბნენ და გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. აქციის გამო აღნიშნულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა არ შეფერხებულა, წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.
როგორც ჟურნალისტებს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განუცხადა, გასული წლის 20 მაისის შემდეგ შეიცვალა ის, რომ განახლდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე და დაბრუნდა ხელახალ ძიებაში.
“ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ სააკაშვილმა ისე დაასრულა “გამოძიება”, როგორც მას სურდა. მას შემდეგ კბილაშვილის პროკურატურამ არაფრით საქმის თავიდან გამოძიება არ დაიწყო. კბილაშვილის პროკურატურიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ერთი ფურცელი აღარ დაგვიმატებია. ბადაშვილის პროკურატურამ კი საქმის ხელახალი ძიება დაიწყო. ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა. მე იმედიანად ვარ, ვნახოთ, რა იქნება”, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს, იგი ციხეში იმყოფება და სასჯელს სრულად ორი წლის შემდეგ მოიხდის. შარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბარათელი გამართლდება და ვადაზე ადრე დატოვებს ციხეს.
რუსუდან შარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბარათელის საქმესთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, რადგან გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელები დადგენილი არ არიან. მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლო შეძლებდა ბარათელის გამართლებას. შარაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე არ აქვს უფლება, ყველა დეტალი გაამჟღავნოს. თუ რა აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ იმედიანად იყოს განწყობილი. შარაძემ დასძინა, რომ მოწმეთა დაკითხვის პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და შედეგები ნამდვილად არსებობს.
საუბრისას გურამ შარაძის შვილმა ასევე დასძინა, რომ ამ დღეებში შეხვდება ირაკლი შოთაძეს და იმედს გამოთქვამს, რომ შოთაძე საქმის ძიებაში სიახლეებს გააცნობს.

banner
წინა სტატიაშისაწვავის ფასს ახლა უკვე ნაციონალებიც აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერს ბაქოში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს