გურამ დონაძე – ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებით, ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე მისგან და მასთან ერთად ბრალდებულების მხრიდან დაზარალებული არ არიან.
როგორც დონაძემ საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე გამართული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას და მასთან ერთად ბრალდებულებს ბრალი არ აქვთ წარდგენილი მკვლელობის მუხლით და ედავებიან უფლებამოსილების გადამეტებას.
“ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში, ჩვენ ბრალი არ გვედება დადასტურებულად, რომ იარაღები მივიტანეთ და ჩავალაგეთ. ჩვენ ბრალი გვედება უფლებამოსილების გადამეტებაში. მეორე მხარე ჩვენგან არ არის დაზარალებული და ეს მხარე დაზარალებულია ბაშალეიშვილის შემთხვევითი გასროლილი ტყვიის შედეგად, ია მეტრეველსა და სოსო რობაქიძეს ვგულისხმობ. ხოლო არიან დანარჩენები, რომლებსაც სამართლებრივად ვედავებით ჩვენ და მივუთითებთ, რომ იარაღები ჰქონდათ და ჩვენ არ ჩაგვიდია მათთვის. დაზარალებული მეტრეველი და რობაქიძე როგორ არიან?!”, – განაცხადა გურამ დონაძემ.
მან სასამართლო პროცესზე ადვოკატ ნათია კორკოტაძესთან მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. კერძოდ, ნათია კორკოტაძემ პროცესზე განაცხადა, რომ გურამ დონაძე მას ფოტოებს უღებს. პროცესის დასრულების შემდეგ კი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე უნდა იქნას აცილებული იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ბრალდებულის სკამიდან ტელეფონით სურათებს იღებს, მოსამართლე კი შვილმკვდარ დედას აძევებს სასამართლო დარბაზიდან. გურამ დონაძის შეფასებით კი, ნათია კორკოტაძემ შოუ დადგა.
“სასამართლო დარბაზში სხდომა როგორც კი გადავა სამართლებრივ ჭრილში და ვიგებთ მხარეების სიმართლეს, ანუ არის თუ არა მომხდარი დანაშაული, ეგრევე მშვიდი სხდომა ხდება შოუს ნაწილი. ეს მხარე ყოველთვის იწყებს შოუს დადგმას. დიქტოფონით ვიწერდი აუდიო მსვლელობას, რომ შემდგომ არ ვიწვალო და სასამართლოს არ მივმართო ყოველი სხდომის შემდეგ. როცა დავაყენე შუამდგომლობა, სხდომა დაიხუროს და დარჩნენ მხოლოდ ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე, ხოლო სხვა დარბაზის ემოციური ნაწილი, არც ჩვენი და არც მათი მხარე არ დარჩეს დარბაზში, რათა ვიმუშავოთ სამართლებრივად, ეს ქალბატონი, რომელიც დარბაზში იჯდა, ყვიროდა, რომ ჩვენ ვართ მკვლელები და ამას როგორ ვითხოვთ. ეს ქალბატონი თავს ადვოკატად ასაღებს, თუმცა მისი მოგებული ან წაგებული საქმე არ მინახავს. როგორ შეიძლება ადამიანს წაუყენო ბრალი, რომ ვარ მკვლელი. ვინ მოვკალი – დავუსვი მას შეკითხვა და ჩატაარა შოუ”, – განაცხადა გურამ დონაძემ და აღნიშნა, რომ მას ფოტოები არ გადაუღია და მხოლოდ აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევა. ხმაურით დატოვეს სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის მშობლებმა ია მეტრეველმა და სოსო რობაქიძემ. სიტყვიერი დაპირისპირება პროცესის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირებაში მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიას ევრაზიულ კავშირში ეპატიჟება
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია პეკინზე – მოსახლეობა ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს