გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე შეტევა არ წყდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ის ღონისძიებები დაასახელა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, შემოდგომაზე ლარის კურსზე ზეწოლა ნაკლები იქნება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რიგი კომპლექსური ღონისძიებებია, თუმცა თავად ყურადღება რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, “პირველ რიგში, მთავრობამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ საჯაროდ, ღიად დააფიქსიროს მზაობა იმის შესახებ, რომ თუკი იქნება დამატებითი ზეწოლა კურსზე გაუფასურების მიმართულებით შემოდგომაზე, იგი მზად არის, შემოდგომაზე შეამციროს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები”, – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, მისი თქმით, უნდა იყოს წარმოდგენილი ძალიან კონკრეტული გეგმა, გაწერილი თარიღებით, იმ დამატებითი შემოსავლების შესახებ, რომელსაც მთავრობა ელოდება როგორც რეაგირება იმ შოკზე, რომელიც მივიღეთ. “საუბარია როგორც საპრივატიზაციო შემოსავლებზე, ასევე სხვა ინვესტიციებსა და შემოდინებებზე”, -განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება მესამე ღონისძიებას, მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა გვიანდება სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება, რაც უაღრესად უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის დასრულება, სადაც გაიწერება დეტალურად ის მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომელზეც აიგება როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა და მეოთხე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უპირობოდ მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ რეზერვების გამოყენება იქნებოდა გაფლანგვა და ექნებოდა ძალიან უარყოფითი ეფექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ამის მიუხედავად არ წყდება კამპანია და შეტევა ეროვნული ბანკის მონეტარულ ინსტრუმენტებზე და ზოგადად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან ცუდი და მავნებლური საქართველოს ეკონომიკისთვის.

banner
წინა სტატიაშიკომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად
შემდეგი სტატია“არ იზრდება სესხები და დეპოზიტები, რაც მიანიშნებს, რომ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პრობლემებია”