გიორგი ქადაგიძე: ჩვენი არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, მივიღეთ შეკვეთილი სტატიების ნიაღვარი

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ჩვენი არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, მივიღეთ შეკვეთილი სტატიების ნიაღვარი და სამწუხაროდ, გაზიარებული იყო არგუმენტები ეკონომიკური ბლოკის იმ წევრებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

“ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლის ზრდის პროგნოზი ოპტიმისტური იყო და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად იმისა, რომ მოსმენილიყო ჩვენი არგუმენტები, ჩვენ მივიღეთ პირველი ტალღა ცილისწამების და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ განახევრებული ეკონომიკური ზრდა. 2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ დახურულ თუ ღია შეხვედრებში განგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე. აქაც წლის ბოლოს სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და იმისთვის, რომ კურსის დევალვაცია არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალანსებლად. მაშინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით. 2014 წლის აგვისტოდან, როდესაც ჯერ კიდევ ტურისტული პიკის სეზონში ჩვენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვების აკუმულირება, ხოლო აგვისტოს მერე გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირებისა და იმ პრობლემებისა, რომელიც სავარაუდოდ, თავს იჩენდა შემდგომ თვეებში, სამწუხაროდ, ისევე გაზიარებული იყო არგუმენტები ეკონომიკური ბლოკის იმ წევრებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისი თქმით, ნაცვლად ეროვნული ბანკის არგუმენტების მოსმენისა, მათ მიიღეს ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლად გამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან მცდელობისა, ეროვნულ ბანკზე მორიგი შეტევა განეხორციელებინათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები