გიორგი მარგველაშვილი – ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

ჩვენ არ მივიღებთ და არ შევეგუებით ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ქართველის პოზიცია ერთია. “ეს არის თემა, რომელიც ყველას გვტკივა და გვეხება. თემა, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის არის ფუნდამენტური და რაზეც ყველა ქართველი შეგუებული ვართ – ჩვენ არ მივიღებთ ოკუპაციას, არ შევეგუებით ოკუპაციას და გავაერთიანებთ ქვეყანას, მაგრამ შევხედოთ ვითარებას: არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია კი ეს არის ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ, დანაშაული საქართველოს წინაშე, საერთაშორისო სამართლის და ჰუმანური პრინციპების წინაშე და სასირცხვილო ფაქტი, რომლის ფონზეც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ ამის მერე არ გაჩერებულა დანაშაულის ჩადენა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, გინდათ მავთულხლართების გავლებით ან ბარენების აღმართვით, ეს კიდევ დამატებითი დანაშაულია. ეს არ არის ოკუპაციიდან გამომდინარე ვითარება, თუმცა ასევე დანაშაულია, რადგან ადამიანებისთვის ხელოვნური ბარიერების აღმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი წარმოადგენს ვითარების განმუხტვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს და შესაბამისად ეს ცალკე ფენომენია, რომელთანაც გვაქვს საქმე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჩვენ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გვაქვს. “მინდა მალდობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ საოკუპაზიო ხაზთან ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მყარი მხარდაჭერა არაღიარების საკითხებში. რეალურად დინამიკაც, რომელიც არსებობს საერთაშორისო თვალსაზრისით, არამც თუ შესაძლებლობას ბადებს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა იქნას მიჩქმალული, არამედ პირიქით, სულ უფრო მკაფიო და მკაცრ ტონს ვხედავთ, როცა საქმე ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი დანაშაულის ჩადენას, ადამიანების გატაცებას, ტერიტორიების შემოღობვას. ჩვენ დავინახეთ მყისიერი და სწრაფი რეაქცია. ასე რომ, ეს არ არის ბოლო ამ პროცესის. ამ პროცესს ექნება გაგრძელება და მე დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელება მიგვიყვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენამდე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტის აზრით, საჭიროა საზოგადოების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, რათა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი ტექსტით საუბრობდეს.
“შარშან, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენის საკითხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია. ეს გრძელდება, რათა ჩვენ მივიდეთ ერთიან ხედვამდე. გრძელდება, რომ ასეთ ვითარებაში ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელ მხარესაც არ უნდა იყურებოდეს ის, ჰქონდეს ერთიანი პოზიცია და ამ საკითხებზე ერთიანი ტექსტით საუბრობდეს. აქ კიდევ არის გასავლელი გზა და ეს პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გრძელდება”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაში“ამას მხოლოდ დიპლომატიური შეტევით უნდა ვუპასუხოთ” – ბოკერია თიბილოვის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე რეზოლუციების ვერც ერთი პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა