გიორგი მარგველაშვილი: მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიას განუცხადა და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანია აღნიშნულთან დაკავშირებით მიცემული პასუხისგებაში.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და ასევე ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან ერთად, მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, არ იყო ერთეული და იყო სისტემური. რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებდა ან წარმოებს სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში, – საზოგადოებას ეს აინტერესებს, რათა ჩვენ გაგვიმყარდეს განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები არიან სამართლიანად დევნილნი და მათ საზოგადოება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს არ შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება