გიორგი მარგველაშვილი კიევშია

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით, გიორგი მარგველაშვილი დღეს “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან.
გიორგი მარგველაშვილი პეტრო პოროშენკოსთან და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მიხაილოვის მოედანზე “უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ” გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსს ეწვევა, სადაც სახელმწიფოთა მეთაურებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.
სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია უკრაინის დედაქალაქს დღეს საღამოს დატოვებს.
კიევში ღონისძიებები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან”
შემდეგი სტატიაიმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა