გიორგი მარგველაშვილი ამბასადორიალის გახსნას ვერ დაესწრება- პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

მე ფიცი დავდე არა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ვერ დაესწრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასი განმარტავენ, ამის მიზეზი გიორგი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მას მწვავე რესპირატორული ვირუსი აქვს.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს გიორგი მარგველაშვილის მიმართვის ტექსტს, რომლითაც ელჩების წინაშე უნდა გამოსულიყო.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის – “ამბასადორიალი -2015” ჩატარებას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული მისია, იქცეს იმ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იმავდროულად ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს.
“ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომლის განვითარებას სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა ესაჭიროება. მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, ამიტომ აღნიშნულმა კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ დღეს და ვიქნებით ახლო მომავალში. ჩვენ ზუსტად უნდა ვაფასებდეთ ვითარებას და ვმოქმედებდეთ სტრატეგიით, რომელიც არამხოლოდ მომხდარზე რეაგირებას, არამედ სამომავლო სცენარების წინასწარ გათვლას ეფუძნება და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს”,-აღნიშნავს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
“ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატო-ს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში – ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად”,-ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ ამბასადორეალის ფარგლებში დიპლომატები მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითზებზე, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემატიკასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.

banner
წინა სტატიაში“ამბასადორიალი 2015”-ის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ნებისმიეირ ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხდება ემსახურება პრიორიტეტების განსაზღვრას