გიორგი კვირიკაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებლად უნდა არსებობდეს სადაც სხვა საკითხებთან ერთად ტექნიკური საკითხების განხილვაც მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებლად შენარჩუნდება. ამის შესახებ მან ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, არაფერი სიახლე ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით არ ხდება. ერთადერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით.

“პოლიტიკური დინამიკა არ შეინიშნება, პირიქით გვაქვს ნეგატიური დინამიკა ბოლო მოვლენების სახით. ამიტომ ვფიქრობ ჩემი მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები საჭიროებას მოკლებულია. რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს ეს ფორმატი აუცილებელია იმ ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი შეფასებით, სპეკულაციების საგანი გახდა საქართველო-რუსეთის საბაჟი გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების დიდი რიგები.

“სხვათაშორის ითქვა ისიც რომ ყურადღება არ ექცევა ამ პრობლემას. პირადად მე არაერთხელ გახლდით. უწყებათაშორისი ჯგუფიც არის შექმნილი რათა მალფუჭებადი პროდუქტები და მანქანები, რომლებსაც ქალები და ბავშვები გადაჰყავს, ცალკე რიგით იყვნენ გაშვებულნი. სამწუხაროდ მეორე მხრიდან გაცილებით ნელი ტემპებია. თუ ჩვენი მხრიდან ერთი მანქანის გაშვებას წუთნახევარი, ორი წუთი სჭირდება, მეორე მხარე ამას გაცილებით მეტ დროს ანდომებს. ამით არის გამოწვეული ეს რიგები. ამიტომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებლად უნდა არსებობდეს სადაც სხვა საკითხებთან ერთად ტექნიკური საკითხების განხილვაც მიმდინარეობს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რაღაც საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ მაქსიმალურად ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ