საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, სულ საგაზაფხულო სესიის დროს 180 კანონპროექტი მიიღეს, 25 სხდომა გაიმართა, ხოლო ქვორუმის არარსებობის გამო, სესია 4-ჯერ ჩაიშალა.
როგორც კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საგაზაფხულო სესიაზე, საშემოდგომოსგან განსხვავებით, ჩხუბი არ ყოფილა და დეპუტატებს გაცდენების გამო საჯარიმო სანქციები არ დაწესებიათ.
„მოგეხსენებათ, რომ საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს დაიწყო და დღეს სრულდება. 5 თვის განმავლობაში 180-მდე კანონპროექტი მივიღეთ. იყო შემთხვევები, როცა ქვორუმის გამო სხდომები ჩაიშალა და ასევე, 2 შემთხვევა იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა არ შედგა. საერთო ჯამში, საგაზაფხული სესიას დეპუტატები დადებითად და ნაყოფიერად ვაფასებთ“, – განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგაზაფხულო სესია სრულდება. მომდევნო კვირებში კი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნება. საშემოდგომო სესია, კანონის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.