გიორგი ვოლსკი: ეს არ ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობას

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ან მთავრობის სრული შემადგენლობის ყოფნა-არყოფნა პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობას არ ნიშნავს.

ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ხელისუფლების სამივე შტოს და საზოგადოების დიდი ნაწილის საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნდამენტური და წარმომადგენლობითი ფუნქციები გონივრულადაა დაბალანსებული ხელისუფლების სხვა შტოებთან თანამშრომლობისთვის. სხვა საკითხია, თუ რისთვის სჭირდებოდა კონსტიტუციის ახალი ნორმების შემოღება წინა პრეზიდენტს. ფაქტია, რომ ჩვენმა კოალიციამ მხარი დაუჭირა სახელმწიფოს მმართველობის ასეთ ფორმას. ეს ხელისუფლების სწორი მიმართულებით განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. არ უნდა ვუშვებდეთ ამ თემებზე პოლიტიკურ სპეკულაციებს, რასაც ქვეყნისათვის არასასურველი შედეგი მოჰყვება. დღეს აქ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის ან მთავრობის სრული შემადგენლობის ყოფნა-არყოფნა არასგზით არ ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობას და დაუინტერესებლობას გამოსვლაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებისადმი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, სწორი განმარტებების გაკეთება მხოლოდ პარლამენტს და მთავრობას არ ევალება.

მან ასევე ისაუბრა იმ სოციალურ პროექტებზე, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე, ისევე, როგორც განათებული სოფლები არის “ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათი.
“მუდმივად გვახსენებენ, რომ თურმე არ გვივარგა პროპაგანდა, თუმცა ისიც გვახსოვს, თუ როგორც იწონებდა თავს წინა ხელისუფალი სახანძრო მანქანიდან გამოშვებული წყლის ონკანთან ან როგორ ხსნიდა ხშირად სხვისი სახსრებით აგებულ შენობებს. როგორ მოვიქცეთ, ტელეკამერების წინ მადლობები ვახდევინოთ იმ ადამიანებს, ვისაც გავუკეთეთ ის, რაც ხელისუფლებამ ისედაც უნდა გააკეთოს?”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე აზრით, საზოგადოებას მართლაც აღელვებს მედიასაშუალებების ინდიფერენტულობა პოზიტიური პროცესებისადმი, შესამჩნევია პოლიტიკურ ტენდენციებზე აგებული ინიციატივებიც, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და არა მეხოტბე მედია.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერის ინიციატივით, ბიზნესის წამახალისებელი ფონდები უფრო ეფექტურ და მოქნილ მართვას მოითხოვს. რაც შეეხება ლარის კურსის რყევას, ვოლსკის თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა საკმაოდ ვრცელი გეგმა წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ფრაზები რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, დარჩება გასროლილ ფრაზად და ამას არავინ შეასრულებ
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები